კლინიკების ხელმძღვანელების და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილებების გარეშე დასრულდა, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ ერთ რამეზე, საავადმყოფოები მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და კოორდინირებული მუშაობით ამ სფეროში არსებული პრობლემები მოაგვარონ. ასევე, მიიჩნევენ, რომ ხარვეზების აღმოფხვრა სახელმწიფომ ისე უნდა შეძლოს, რომ კლინიკები არ დაზარალდნენ.
სახელმწიფოს დავალიანებები კლინიკების მიმართ - ეს ის ძირითადი თემა იყო, რომელზეც პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და სამედიცინო სფეროს 100-მდე წარმომადგენელი მსჯელობდა.
ექიმების უკმაყოფილებაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. დღეს მათ მიიღეს დაპირება, რომ დავალიანების დაფარვა ეტაპობრივად მოხდება.
უკვე ცნობილია, რომ 520 -ე დადგენილება, რომელიც კარდიოქირურგიის და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით ტარიფების განსაზღვრას ითვალისწინებს, კვლავ ძალაში რჩება. შეხვედრაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრიც, თუმცა ჟურნალისტებთან დეტალებზე არ უსაუბრია. განმარტებები დღეს მისმა მოადგილემ გააკეთა.
ჯანდაცვის სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორების გარდა, სამ საათიან შეხვედრაზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად ჯანდაცვის რეფორმებზე და დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრეს.