30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები - ოპოზიციის მწვავე კრიტიკა 2020 წლის ბიუჯეტს

33 ხმით დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. სხდომამ ოპოზიციური ფრაქციების გარეშე ჩაიარა, მას მხოლოდ ორი დამოუკიდებელი დეპუტატი დაესწრო, ორივე  მმართველი გუნდის ყოფილი წევრი. ვატო შაქარიშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნება" ერთი წლის წინ დატოვა, სხდომაზე თბილისის მერს, როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ პასუხისმგებლობაზე მიანიშნა. ერეკლე კუხიანიძემ კი, რომელმაც თავი დამწყებ ოპოზიციონერად წარადგინა, მერს საკუთარი პროექტი შეახსენა.

არც ბიუჯეტთან დაკავშირებით და არც პირადად მერის მისამართით შენიშვნები არ გამოუთქვამთ უმრავლესობის წევრებს, მმართველი გუნდის წევრებმა სხდომიდან მხოლოდ ოპონენტებს მიმართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს საკრებულოში არ გამოჩენილან, საკუთარი შენიშვნები მათ მედიას შენობის გარეთ გააცნეს. მათი შეფასებით, 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებს ვერ პასუხობს, რადგან გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯებით, ადმინისტრაციული და საშტატო ერთეულებით. ოპონენტების თქმითვე, მერიის პიარისთვის გამოყოფილია 5 მილიონ ლარამდე და შემცირებულია დაფინანსებები პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

უმრავლესობის წევრები კი ოპონენტებს მოუწოდებენ, ციფრებით მანიპულირებას შეეშვან. პიარის ხარჯებთან დაკავშირებით კი განმარტავენ, რომ თანხა, რომელიც ამ მიმართულებაზე სხვადასხვა გამგეობის ბიუჯეტებში იყო გაწერილი, ახლა ერთი სააგენტოსკენ მიემართა. თბილისის მერი კი ამბობს, რომ საკუთარ შენიშვნებთან დაკავშირებით ოპონენტებს არგუმენტები არ აქვთ და სხდომასაც ამ მიზეზით არ დაესწრნენ.

2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 21 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლის განმავლობაში ის მილიარდ 300 მილიონამდე გაიზრდება.

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი. 

 

დღის ამბები