30 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
2-ის ნაცვლად 5 მოადგილე - "აჭარის ტელევიზიაში" კონფლიქტის ახალი მიზეზი გაჩნდა

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომლებსა და ახლადარჩეულ დირექტორს შორის ისევ დაპირისპირებაა. მიზეზი, ამჯერად, გიორგი კოხრეიძის სურვილი გახდა, რომ მას 2-ის ნაცვლად 5 მოადგილე ჰყავდეს. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე დარწმუნებულია, რომ კოხრეიძის მოადგილეებად მისი ინტერესების გამტარებლები დაინიშნებიან და ამით ახლადარჩეული დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას შეეცდება.

ვის კანდიდატურებს წარადგენენ მოადგილეების პოზიციაზე, ჯერ-ჯერობით, უცნობია. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების შიშები გაუგებარია ახლადარჩეული დირექტორისთვის. გიორგი კოხრეიძის თქმით, ცვლილება მას ტელევიზიის ეფექტური მართვისთვის სჭირდება.

გიორგი კოხრეიძემ შეცვლილი დებულება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს გუშინ წარუდგინა. საბჭოს 4 წევრიდან სამი ცვლილებების მომხრეა. თამარ წილოსანი ერთადერთია, ვინც ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ შეცვლილ დებულებაში მაუწყებლის თანამშრომლების აზრი გათვალისწინებული არ არის.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები ახალი დებულების სტრუქტურის შესწავლის გარეშე შექმნას არასწორად მიიჩნევენ. ბრალდებას არ იზიარებს ბორდის წევრთა ნაწილი.

აჭარის ტელევიზიაში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე სექტორშიც უარყოფითად აფასებენ და ფიქრობენ, რომ პროცესები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისკენაა მიმართული.

შეძლებს თუ არა აჭარის ტელევიზიის ახლადარჩეული დირექტორი მაუწყებლის დებულების ცვლილებას, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ საკითხზე განხილვები უნდა გაიმართოს, მისი დამტკიცების შემდეგ კი კონკურსი გამოცხადდება და 5 მოადგილის პოზიციაზე კანდიდატურების წარდგენა დაიწყება.

დღის ამბები