ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფას 12 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. შემთხვევა ქალაქ ალამათისთან მოხდა. ავიაკომპანია "ბექ ეარის" თვითმფრინავი "ფოკერ-ასი" ალმათიდან ნურსულთანისკენ რეისს ასრულებდა. ის აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს ორჯერ შეეხო, მარჯვენა მხარეს გადაიხარა და ღობეს, შემდეგ კი სახლს შეეჯახა. შენობაში კატასტროფის მომენტში არავინ იმყოფებოდა.
თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 5 წევრი და 93 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩა 70 მგზავრი, მათ შორის 60 სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. არიან მძიმედ დაშავებულები. მგზავრებს შორის 9 ბავშვი იყო, მათგან ერთი 4 თვისაა.
ავიაკატასტროფის ადგილზე უკვე ნაპოვნია ორივე ე.წ. შავი ყუთი, მათ გამოძიება შეისწავლის. ასევე გამოქვეყნდა დისპეტჩერსა და მფრინავს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ აფრენიდან რამდენიმე წამში თვითმფრინავთან კავშირი შეწყდა, რის შემდეგაც დისპეტჩერმა განგაში გამოაცხადა. ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება შეისწავლის.
ყაზახეთში 28 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.