30 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ბავშვობაში გაჩენილი პროტესტის შედეგი თუ ხელისუფლებასთან კავშირი - "პანდა" თავს იმართლებს

"ფეისბუქმა" 20 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, გააუქმა საქართველოს ე.წ. დაუკავშირებელი ქსელები, გვერდები და ჯგუფები "კოორდინირებული არაავთენტური ქცევის" გამო.

"ფეისბუქის" ინფორმაციით, ეს ქმედება უკავშირდება სარეკლამო სააგენტო "პანდასა" და საქართველოს მთავრობას. "პანდა" აღიარებს "ფეისბუქის" პრეტენზიებს, მაგრამ ოპონენტებს ფაქტების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სარეკლამო კომპანია "პანდა" ადასტურებს, რომ "ფეისბუქზე" ოპოზიციის, კერძოდ კი "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ მიზანმიმართულად მუშაობდნენ და ეს კამპანია სისტემური იყო. "პანდა" უარყოფს მთავარ ბრალდებას "ქართულ ოცნებასთან" კავშირის შესახებ.

51-ე სკოლის ყოფილი დირექტორი დავით ლაგვილავა, რომელიც "პანდას" ვიდეომიმართვაში ფიგურირებს, ამბობს, რომ სერიოზული კონფლიქტი ახალგაზრდებთან არასოდეს მოსვლია და ბრალდებები დევნის შესახებ აბსურდულია.

სკოლის ეპიზოდის გარდა, მიმართვაში "პანდას" წარმომადგენელი კომპანიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ საუბრობს. მიმართვაში დეტალურად ხსნიან, რა განსხვავება იყო Facebook-ის ოფიციალურ განცხადებასა და პარალელურად გამოქვეყნებულ სტატიას შორის.

სტატია, რომელზეც პანდას დამფუძნებელი საუბრობს, მედიაპლატფორმა "მედიუმზე" "ფეისბუქის" გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მალევე დაიდო. ავტორი ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალური კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ეთო ბუზიაშვილია. ბუზიაშვილთან კავშირზე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ ტელეკომპანია "ფორმულაში". ტელეკომპანია "პანდას" წარმომადგენლებს დისკუსიისათვის ღია ეთერს სთავაზობს.

"პანდას" ვიდეომიმართვა დღეს კიდევ ერთხელ გახდა სოციალური ქსელის სკანდალზე პოლიტიკური შეფასებების თემა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ "ფეისბუქის" მიერ გაუქმებული ასობით გვერდის უკან მმართველი ძალა იდგა.

მმართველი გუნდი სისტემური სოციალური კამპანიის დაფინანსებასა და "პანდასთან" კავშირს კატეგორიულად უარყოფს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ყველა დამოუკიდებლად წყვეტს, რას და როგორ გამოეხმაუროს სოციალურ ქსელში.

სარეკლამო კომპანია "პანდა" Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაშია მოხსენიებული. წერილის ბოლოს კომპანიის სახელი პირდაპის წერია. მიხეილ ბენიძე, რომლის ორგანიზაციის მიმართვის შემდეგაც დაიწყო "ფეისბუქის" მოკვლევა, ამბობს, facebook-ის განცხადებაში "პანდას" შესახებ ჩანაწერი მისთვის ყველა შეკითხვას პასუხობს.

"პანდამ" "ფეისბუქის" მიერ მისი გვერდებისა და ანგარიშების წაშლის შემდეგ ვიდეომიმართვა მეორედ გამოაქვეყნა. ორივე შემთხვევაში, სარეკლამო კომპანია ცილისწამებაზე საუბრობს. "პანდას" რამდენიმე დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია GDS-ის იუმორისტული გადაცემის სტენდაფერი კოკო ბარათაშვილია. 

დღის ამბები