30 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
"თიბისის" საქმეზე იანვარში 9 სხდომა გაიმართება, თებერვალში კი 10 - ბრალდებულები ფიქრობენ, რომ პოლიტიკისგან მათ დისტანცირებას ცდილობენ

 

"თიბისი ბანკის" საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. დღეს საქალაქო სასამართლოში პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. დაიკითხა ბრალდების პირველი მოწმე.

ეროვნული ბანკის თანამშრომელმა პროცესზე იმ მიგნებების შესახებ ისაუბრა, რომელთა გამოვლენაც მისმა დეპარტამენტმა შეძლო.

აკაკი გელაზონიას თქმით, სების პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე დაწყებული შესწავლის მიზანი ინტერესთა კონფლიქტის დარღვევის ფაქტის გამოვლენა იყო.

ბრალდებულებმა ეროვნული ბანკის თანამშრომლის დაკითხვას ბულინგი, თავად პროცესს კი სპექტაკლი და ფაქტების დამახინჯება უწოდეს.

"თიბისის" დამფუძნებლებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ პროკურატურას მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს და საგამოძიებო ორგანოს გამოყენებით ოპონენტებს დევნიან.

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საქმე პოლიტიკას, ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა კი "ტელეკომპანია პირველს" დაუკავშირა.

ბრალდების მხარის მოწმეს დღეს დაცვამ მათი ინტერესების გამტარებელი მოწმე უწოდა. ზვიად კორძაძის თქმით, ეროვნული ბანკის დეპარტამენტმა ფულის გათეთრების ფაქტს ვერ მიაკვლია, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი დოკუმენტაციას შესაბამის სამსახურში გადააგზავნიდა.

საქმის პროკურორის თქმით, ეროვნული ბანკის თანამშრომელმა დღევანდელ სხდომაზე დაადასტურა, რომ ამ ტრანზაქციის მთელი რიგი რეგულაციები დაირღვა.

ბანკმა 16 მილიონის ოდენობის ამერიკული დოლარი იზარალა.

რაც შეეხება ფულის გათეთრების კვალიფიკაციის მინიჭებას, პროკურორის თქმით, ეს ეროვნული ბანკის შესაფასებელი საკითხი არ იყო.

"თიბისის" საქმეზე იანვარში 9 სხდომა გაიმართება, თებერვალში კი 10, რაც ბრალდებულებს ეჭვს უჩენს, რომ სასამართლოს გამოყენებით "ქართული ოცნება" მათი პოლიტიკისაგან იძულებით დისტანცირებას ცდილობს.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 9 იანვარს გაიმართება. გაგრძელდება მოწმეთა დაკითხვა. 

ავტორი:ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები