30 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
გამოძიება უნდა დაწყებულიყო მაშინ, როდესაც  ბესელია "ქართული ოცნების" რიგებში იყო - სოფო კილაძის ბრალდებები ეკა ბესელიას

დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას დეპუტატ ეკა ბესელიას საქმიანობის გარშემო - პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ მას აქვს დოკუმენტები, რომელიც გარკვეულ კორუფციულ გარიგებებში ეკა ბესელიას ინტერესს ადასტურებს.

უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ ბესელია იყო 14 დეკემბრის აქციაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადების ადრესატიც.

პარტიის თავმჯდომარემ აქციაზე განაცხადა, რომ ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში მექრთამეობის ეტალონი იყო, ახლა პარლამენტის ტრიბუნიდან კორუფციაზე საუბრობს. თუმცა ამ განცხადების ადრესატად, საკუთარ თავს კატეგორიულად გამორიცხავს ეკა ბესელია.

“იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც გვქონდა უმრავლესობის სხდომა. მე მივიტანე კონკრეტული საკითხები და დავსვი კონკრეტული კითხვები, რაზეც მოვითხოვე კონკრეტული პასუხები ქალბატონი ბესელიასგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა სხდომას და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, ქალბატონი ბესელია გამოვიდა წყობიდან, მას გადაეფარა გოგიჩაიშვილი და გედი ფოფხაძე და ისე გამწვავდა სიტუაცია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ამ საკითხთან დაკავშირებით გავჩერებულიყავი. ამიტომ, მე იმის შემდეგ ველოდი რომ გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იქნებოდა პროკურატურის მხრიდან. ვერ გეტყვით, გამოძიება რატომ არ იწყება, მე ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო მაშინ, როდესაც ქალბატონი ბესელია ქართული ოცნების რიგებში იყო ჯერ კიდევ,“ - აცხადებს სოფო კილაძე.

დამოუკიდებელი დეპუტატი სოფო კილაძეს უკვე გამოეხმაურა. ბესელია ოცნებას კონტრბრალდებებს უყენებს. ეკა ბესელიას მტკიცებით, სოფო კილაძე იმას ამბობს, რისი გახმოვანებაც "ქართულ ოცნებას" სურს. 

“კილაძე არის ტროლების და ბოტების როლში, როდესაც ახმოვანებინებენ იმას, რისი გახმოვანებაც სურთ. ჯერ ეს გააკეთებინეს ვითომ ექსპერტ აბაშიძეს, რომელიც ქართული ოცნებისგან ფულს იღებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე მარტო და უთხრა რომ სისულელეებს ლაპარაკობო, ვერავინ ვერ გაიგო რას ლაპარაკობდა, თავისმა კოლეგებმაც დასცინეს. როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ ბრალდებაზე მელაპარაკოს, როდესაც ნახევარი უმრავლესობა კორუფციაშია ჩართული. ხელისუფლების უდიდესი ნაწილი კორუფციაშია ჩაფლული. მინდა მოვუწოდო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ფორმალურად მაინც დაკავდეს და ერთ-ერთ საქმე, რომლის გამოუძიებლობის თემა ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის, არის ჩემს წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის საშინელი ფაქტი, რომელიც დღემდე გამოძიებული არ არის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები