30 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
"ვთვლი, რომ ჩემი უფლებები შეილახა და წამერთვა არჩევანის უფლება, რომელიც უფლისგან მომეცა" - მოსარჩელე უჩიპო პირადობებზე

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უჩიპო პირადობის მოწმობების საკითხს არჩევნებს უკავშირებს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვებს ბადებს.

საჩივრის ავტორები კი ოპოზიციასა და არასამთავრობოებს იმ მოქალაქეების უფლებებს ახსენებენ, რომლებიც თვლიან, რომ ჩიპიანი მოწმობები მათ რწმენის თავისუფლებას უზღუდავს.

"მე ვთვლი როგორც ქრისტიანი მართლმადიდებელი, რომ ჩემი უფლებები შეილახა და წამერთვა არჩევანის უფლება, რომელიც უფლისგან მომეცა" - აღნიშნა "კურიერთან"მოსარჩელე ია რეხვიაშვილმა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. 

ასევე ჟურნალისტის შეკითხვას, ენდობა თუ არა ის საპატრიარქოს იმ ნაწილში, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა არ წარმოადგენს საფრთხეს, მან უპასუხა: "არ ვამბობ, რომ არ ვენდობი საპატრიარქოს, მათ ამ განცხადებასთან ერთად აღნიშნეს, რომ რადგან მრევლის ნაწილი ამას საფრთხედ აღიქვამს, ეს საკითხი გათვალისწინებული უნდა იყოს". 

სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევ მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია და თვლის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება არა რელიგიური გრძნობების დასაცავად, არამედ პოლიტიკური ნიშნით მიიღეს და ამით ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

"ამით ივანიშვილს და მის რეჟიმს ხელ-ფეხი ეხსნება იმისათვის, რომ ამ მეთოდის საშუალებითაც ეცადოს ხელისუფლების შენარჩუნებას, მაგრამ, ამის მიუხედავად, ის ქართველ საზოგადოებასთან დაპირისპირების პირობებში აუცილებლად დამარცხდება," - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ. 

ამასთან, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა ის დოკუმენტია, რომელზეც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გადის. მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო სია, რომელიც ბიომეტრიული ფოტოებით შეიქმნა, სანდოა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრობლემურად თვლის არასამთავრობო სექტორიც.

სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია.

ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რელიგიური შეხედულებების გამო, უკვე შეუძლიათ იუსტიციის სახლს მოსთხოვონ პირადობა ელექტრონული მატარებლის - “ჩიპის” გარეშე.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ და გიორგი კვერენჩხილაძემ არგუმენტირებულად მიიჩნიეს ორი მოქალაქის სარჩელი, რომლებიც წერდნენ, რომ "ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობა უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას."

 

დღის ამბები