4 საათიანი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დასრულდა, პრემიერი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. მოლაპარაკებას ჯანდაცვის და ეკონომიკის მინისტრებიც ესწრებოდნენ.
მთავარი თემა იყო 520-ე დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.
საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი ვეფხია ოდიშარია აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყველა პრობლემა დეტალურად განიხილეს.
"რა პრობლემებიც არის მიმართულებების მიხედვით, ყველაფერი დეტალურად განიხილეს და ნათლად დაგვანახეს ყველა ახალი პროექტი. დიალოგი იქნება უწყვეტი," - განაცხადა ვეფხია ოდიშარიამ.
ცხაკაიას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ანჟელა ორჯონიკიძე იმედოვნებს, რომ სამედიცინო სფეროში პრობლემები მალე აღმოიფხვერება.
"დღევანდელი ჯანდაცვა საჭიროებს განახლებას იმედია მივალთ იმ კონსესუსამდე, რომ არ დაზარალდებიან პაციენტები და კლინიკებს შეეძლებათ მაღალი ხარისხის მომსახურება," განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.