30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ფეისბუქი" ერიდება მსგავსი ინფორმაციის ფაქტების გარეშე გავრცელებას - მიხეილ ბენიძე "პანდაზე"

მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო კომპანია "პანდა" თავის გავრცელებულ ვიდეოში "ქართულ ოცნებასთან" კავშირს უარყოფს, "ფეისბუქის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყალბ ანგარიშებსა და გვერდებს სწორედ სარეკლამო კომპანია "პანდადან" და "ქართული ოცნებიდან" მართავდნენ.

ამ საკითხის შესწავლის თხოვნით "ფეისბუქს" ორგანიზაცია"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მიმართა, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ ვრცელი კვლევა ჰქონდა მომზადებული. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე აღნიშნავს, რომ "ფეისბუქი" სიფრთხილით ეკიდება მსგავს საკითხებს და მხოლოდ მაშინ ავრცელებს ინფორმაციას, თუ კონკრეტული, ხელშესახები ფაქტები აქვს. 

"ფეისბუქზე" რა ხდება, ყველაზე კარგად ამის შესახებ იცის თავად "ფეისბუქმა" და ისინი დაინტერესდნენ, შეხედეს ამ სქემას, გამოავლინეს და ნახეს, რომ არის კონკრეტული კავშირები. ჩვენ როდესაც გვქონდა კომუნიკაცია "ფეისბუქთან", ისინი დაგვიკავშირდნენ და გვესაუბრნენ სწორედ მათ მიერ გატარებულ ამ კონკრეტულ ზომებზე. ერთ-ერთი კითხვა, რაც დავუსვით, იყო სწორედ ხელისუფლების ჩართულობასთან დაკავშირებით, და მათ თქვეს, რომ ისინი ძალიან ფრთხილად ეკიდებიან იმას, რას ამბობენ, და იმ შემთხვევაში ამბობენ, ამ სქემის უკან ვინ დგას, როდესაც აქვთ კონკრეტული, ძალიან მკაფიო ინფორმაცია,"- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ სარეკლამო კომპანია "პანდამ" გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ბრალდებებს პასუხობს. "პანდა" აღიარებს, რომ "ფეისბუკზე" თავიანთი რესურსებით ოპოზიციას, კერძოდ კი "ნაციონალურ მოძრაობას" მიზანმიმართულად აკრიტიკებდნენ, თუმცა, ვიდეოს თანახმად, ისინი ამას აკეთებდნენ არა "ქართული ოცნების სიყვარულით", არამედ "დიქტატურის დაბრუნების შიშით".

იქამდე, "ფეისბუქმა" გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ასზე მეტი ქართული გვერდი წაშალა, რომლის უკანაც ყალბი ანგარიშები იდგა, ხოლო ეს ანგარიშები საქართველოს მთავრობასთან, ასევე - სარეკლამო კომპანია "პანდასთან" იყო დაკავშირებული.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები