30 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
8 მილიონ 100 ათასი ლარით წახალისებული მოსამართლეები - რა პრემია-დანამატები გაიცა სასამართლოებში 9 თვის განმავლობაში

8 მილიონამდე ლარის დანამატი და 100 ათასამდე პრემია, საქალაქოს, სააპელაციოს და უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის, ბოლო 9 თვის განმავლობაში გაიცა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ დანამატებისთვის დახარჯული თანხა 3 მილიონამდე ლარით არის გაზრდილი.

პრემიებისა და დანამატების თემა ახალი არ არის და ის ყოველ წელს განხილვის საგანი ხდება. ამიტომ ჩნდება კითხვა: რატომ არ შეიძლება მნიშვნელოვან პოზიციებზე მყოფ პირებს - მოსამართლეებს, პირდაპირ მაღალი ხელფასები დაენიშნოთ, თუ მათ საბოლოოდ მაინც უწევთ ამ თანხის აღება ოღონდ დანამატების სახით?

საერთო სასამართლოებში გაცემული პრემია-დანამატები "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა. ორგანიზაციას დეტალურად ჩაშლილი ინფორმაცია, სასამართლოებში დასაქმებული 1600-ზე მეტი თანამშრომლიდან რამდენზე და რა რაოდენობის თანხა გაიცა, არ მიაწოდეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, უფრო კონკრეტულად შეძლებდნენ იმის დადგენას, რომელმა მოსამართლემ, რა პერიოდში რა რაოდენობის დანამატი მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ფიქრობს, რომ მოსამართლეებისთვის პრემია დანამატების გაცემა საერთოდ უნდა შეიზღუდოს, რადგან ეს შესაძლოა, მათზე გავლენის მოსახდენად ერთ-ერთი ბერკეტი იყო.

სახელმწიფო მნიშვნელობის ინსტიტუტების თანამშრომლებს, რომ მაღალ ანაზღაურება ჰქონდეთ ამაში პრობლემას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ვერ ხედავენ. თუმცა ამბობენ, რომ პრემია-დანამატების გაცემის დროს, მნიშვნელოვანია ფულადი წახალისება მხოლოდ პრივილეგირებულ ჯგუფებზე არ მოხდეს.

მოსამართლეებისთვის დანამატების გაცემას, იუსტიციის საბჭოს მდივანი სასამართლოების გადატვირთულობით ხსნის და ამბობს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში ყველა მოსამართლეზე დანამატი თანაბრად გაიცა.

საბჭოს მოსამართლე წევრები ამბობენ, რომ სხვა წლებთან შედარებით, წელს განსხვავებული მიდგომა პრემია-დანამატების გაცემის კუთხით, არ ყოფილა.

"ფლანგვის დეტექტორი", ვინც საერთო სასამართლოებში პრემია დანამატების საკითხი შეისწავლა, აცხადებს, რომ მოსამართლეების მიმართ, არსებული კითხვების ფონზე დანამატებისა და პრემიების გაცემა სისტემის მიმართ, კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები