30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
სეზონური გრიპის გახშირებული შემთხვევები და გადატვირთული კლინიკები - H1N1 ვირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა

სეზონური გრიპის შემთხვევების მატების გამო კლინიკები ისევ გადატვირთულია. ასევე გადატვირთულია ყველა სტაციონარი და სასწრაფო სამედიცინო დახმარება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვლის, რომ გრიპის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი მთავარი პრევენცია დროული ვაქცინაციაა. მისივე თქმით, დაგვიანებული იმუნიზაციის და თანმდევი ქრონიკული დაავადებების გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევაც დაფიქსირდა.

გრიპის ვირუსის გახშირებულ შემთხვევებზე განცხადება გუშინ ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ეკატერინე ტიკარაძის მოსაზრებას, რომ გრიპის ვაქცინაცია პანაცეა არ არის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციის გარდა მინისტრი ექიმებმაც გააკრიტიკეს.

ჯანდაცვის მინისტრს საკუთარ განცხადებაზე განმარტება დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა. სტრუქტურამ ხელმძღვანელის პოზიცია ამჯერად წერილობითი სახით გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტებულია, რომ მინისტრის ნათქვამი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არასწორად გაიგო.

მაღალი მომართვიანობის გამო სრულად დატვირთულია იაშვილის კლინიკის რესპირაციული დეპარტამენტიც, რის გამოც საავადმყოფოში დამატებითი ადგილების გამოყოფაც დასჭირდათ. ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში გრიპით სულ 68 პაციენტი წევს.

საქართველოში წელს 3 ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს. ექიმების რეკომენდაციით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებულებას გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართონ.

დღის ამბები