30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ვაქცინაცია მუშაობს, ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომლის მიხედვითაც გრიპის ვაქცინა პანაცეა არ არის, დეტალურ განმარტებას აკეთებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომლის ჩატარება სავალდებულოა მხოლოდ მაღალი რისკის პროფესიული ჯგუფებისთვის, მაგრამ არა მთელი მოსახლეობისთვის.  

მინისტრის განმარტებით, საქართველოში გრიპის გავრცელების მხრივ არსებული ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს მოსახლეობის სავალდებულო იმუნიზაციას. 

"მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ გრიპზე ვაქცინაცია ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს და ნაჩვენებია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად დგანან ინფიცირების რისკის წინაშე. ამ ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ქრონიკული დაავადების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ორსულები და მოხუცთა მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, გრიპზე ვაქცინაცია სავალდებულო არ არის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ეპიდემიების და პანდემიების შემთხვევებისა, როცა ეროვნული უწყებები ან სახელმწიფოები არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით იღებენ მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაციის გადაწყვეტილებას.    

"ვწუხვარ, თუ გუშინდელმა განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ვაქცინაცია მუშაობს! იმუნიზაციის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის უმაღლესი მნიშვნელობის და მისი ეფექტურობა ეჭვს გარეშეა. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და მიჰყვნენ აცრების ეროვნულ კალენდარს. სახელმწიფო კი, თავის მხრივ უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მაღალეფექტური ვაქცინების უწყვეტ მიწოდებას," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები