"კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მოსკოვის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს, ამის შესახებ სოციალური ქსელში რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წერს. ვრცელდებოდა ინფორმაცია ნავალნის დაკავების შესახებაც, თუმცა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ მოხდა არა მისი დაკავება, არამედ "ოფისიდან ძალით გათრევა".
ნავალნის თქმით, ჩხრეკა საგამოძიებო ფილმის "Он вам не Димон"-ის ინტერნეტიდან წაშლაზე უარის თქმას უკავშირდება, ფილმი რუსეთის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის ქონების შესახებაა. წაშლაზე უარის თქმის გამო ფონდის დირექტორის ივან ჟდანოვის წინააღმდეგ საქმე აღძრეს და ოფისში ჩხრეკაზეც ამ გამოძიების ფარგლებში მივიდნენ.
ჩხრეკა ასევე მიმდინარეობს იუთუბ-არხის "ნავალნი-ლაივის" სტუდიაშიც.
"დაე, მედვედევმა, უსმანოვმა და დანარჩენმა ქურდებმა - ამ დარბევის შემკვეთებმა - დღეს იფშვნიტონ ხელები და იხარონ, მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად ვაცხადებ, "Он вам не Димон" არანაირი ზეწოლის შედეგად არ წაიშლება" -წერს ნავალნი "ინსტაგრამზე".