30 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
"ხის მოჭრა 500 ლარი, ბუჩქის მორთვა 1000 ლარი" - აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

"ხის მოჭრა 500 ლარი, ბუჩქის მორთვა 1000 ლარი" - ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსი პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ გამართა.

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მისთვის დაწერილ 1000 ლარიან ჯარიმას  გამოეხმაურა. მისი თქმით, ბუჩქებზე ფოტოების განთავსების გამო ჯარიმა ხელისუფლების უგუნურებაზე მიუთითებს. 

აქციას მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები შეუერთდნენ.

"ქუთაისის მერმა კიდევ ერთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღო და გამოწერა ჯარიმა ბუჩქებზე ფოტოების დაკიდების გამო, თურმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ყოფილა. ვაფრთხილებთ მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ ბუჩქებს, თორემ დაჯარიმდებიან. სასაცილოა, ხის მოჭრა 500 ლარი ღირს, ბუჩქზე ფოტოს დაკიდება 1000 ლარი," - განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, ჯარიმის გადახდას არ აპირებს. გოგი წულაიას და "გაბედეს" წევრს ჯარიმა ბუჩქებზე  ე.წ. ბიძინას სათამაშოების გამო გამოუწერეს. მერიაში განმარტავენ, რომ ჯარიმა კულტურული მემკვიდრეობის არეალში ნივთების თვითნებურად განთავსების გამო დაიწერა.

 

დღის ამბები