30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
მიმაჩნია, რომ გაყოფის შემთხვევაში, თვითონ განათლებისთვისაც მომგებიანი იქნება და კულტურისთვისაც - დავით ევგენიძე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის ერთ უწყებად გაერთიანებას არასწორ ნაბიჯს უწოდებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ რამდენიმე სფეროს გაერთიანების შემდეგ კულტურის მიმართულებას პრობლემები შეექმნა.

მუსიკოსი დავით ევგენიძე ამბობს, რომ პროექტები, რომლებიც სამინისტროში შედის, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ევგენიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება კულტურისთვის ბევრად მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება.

“მგონია, რომ თავიდანვე არასწორი ნაბიჯი იყო, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ბევრი დეპარტამენტი გაერთიანდა და რთულია ამ შერწყმის დროს ამ ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მიხედოს ერთმა ორგანიზმმა, ერთმა ხელმძღვანელობამ. ბიუროკრატიის გარდა, კულტურის სამინისტრო გახდა დამოკიდებული განათლების სამინისტროზე, ამიტომ  ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც შედიოდა და მხოლოდ ვოკალურად წყდებოდა კულტურის სამინისტროში, ამ შეტანილ პროექტებს არ შეექმნათ დიდი პრობლემა. მიმაჩნია, რომ გაყოფის შემთხვევაში, თვითონ განათლებისთვისაც მომგებიანი იქნება და კულტურისთვისაც მათი გაყოფა,“ - აცხადებს დავით ევგენიძე.

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია, სპორტის, კულტურისა და განათლების სფეროს ერთი ხელმძღვანელობა მართავდეს.

“შეუძლებელია ერთიანად მართო სპორტი, განათლებაც და კულტურაც. ეს უნდა იყოს ცალკე და შექმნან რეალური საფუძველი და თუ გნებავთ, ბიუჯეტი. 25% ჩვენი ბიუჯეტის სწორედ განათლებაზე მიდის, იმიტომ რომ განათლება ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს ჩვენი  მომავალი ცივილიზებული ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის. ამაში მე ვეთანხმები ხელისუფლებას. ვერ ვეთანხმები იმაში, რომ კულტურას განსაკუთრებული ადგილი არ აქვს ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში,“ - ამბობს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი.  

მიმართვას მოაწერა ხელი მსახიობმა ლელა ალიბეგაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სფეროს მოღვაწეები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ. საქართველოში მოღვაწე ხელოვანები პერემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები