30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში - დაძაბულობა კომისიის სხდომაზე ერეკლე კუხიანიძის დასწრებამ გამოიწვია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები დღეს კიდევ ერთხელ გახდა საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი. საკრებულოს წევრები ლევან ხაბეიშვილი და გიორგი დოხტურიშვილი ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდნენ. კამათი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა გარემოს კომისიის სხდომაზე ერეკლე კუხიანიძის დასწრებამ გამოიწვია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კატეგორიულად მოითხოვდა საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა დაეტოვებინა ერეკლე კუხიანიძეს და კომისიის წევრებს სხდომის ჩატარების საშუალება აღარ მისცა. ამ დროს კი უმრავლესობის დეპუტატს, გიორგი დოხტურიშვილს ხაბეიშვილის მიმართვის ფორმა არ მოეწონა.

ოპოზიციის მოთხოვნა გაუგებარი აღმოჩნდა თავად კუხიანიძისთვის, რომელიც ოპონენტების მხრიდან პროვოკაციებზე საუბრობს და "ქართულ ოცნებას" დემოკრატიის ფორმას უწუნებს.

კუხიანისთვის დისკომფორტის შექმნას განაგრძობს "ევროპული საქართველოც," რომელიც უმრავლესობის მხრიდან დეპუტატის გუნდიდან გარიცხვას იძულებით მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს. საკრებულოს თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ მათ ადეკვატური გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და საკრებულოს საქმიანობა არ უნდა შეფერხდეს.

საკრებულომ დედაქალაქის ბიუჯეტი მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს, სავარაუდოდ განხილვა ხმაურის ფონზე შედგება. თბილისის მერია მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს თვითმმართველ ორგანოში 27 დეკემბრამდე წარადგენს. 

 

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

 

დღის ამბები