30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ნუ გვწამლავთ" - ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით შეაჩერეს

ფოთში თევზის ქარხნები მუშაობას დროებით შეაჩერებენ. ამ შეთანხმებით დასრულდა სუნით შეწუხებული ადგილობრივების საპროტესტო აქცია. მიუხედავად ადგილობრივების პროტესტისა საწარმოების დირექტორები ქარხნების გამართულობაზე საუბრობენ. საქმეში ჩართულია გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც. აქციის მონაწილეებმა კი ვითარებაში გასარკვევად და პრობლემის მოსაგვარებლად მერიას სამ დღიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან.

უსიამოვნო სუნი ფოთში ზამთრის მოსვლისთანავე დგება. თევზის გადამამუშავებელი ქარხნიდან სპეციფიკური სუნი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ადგილობრივების თქმით დისკომფორტის გარდა, შესაძლოა, საფრთხე მათ ჯანმრთელობასაც შეექმნას. მოსახლეობამ დღეს ცენტრალური მაგისტრალი პროტესტის ნიშნად გადაკეტა, რაც დროებითი შეთანხმებით დასრულდა.

3-დღიანი ვადა მისცეს აქციის მონაწილეებმა მერიის წარმომადგენლებს. კონსტანტინე თოფურიას განმარტებით, მერია პრობლემის მოგვარებაში აქტიურადაა ჩართული. უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრაც, სადაც შესაბამისი უწყების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

პრობლემას ვერ ხედავენ ქარხნის დირექტორები. მათი განმარტებით, საწარმოები გამართულია და სპეციალური ფილტრებითაა აღჭურვილი, რაც სუნის გავრცელებას გამორიცხავს.

პრობლემის სიმწვავეზე ყურადღებას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ამახვილებს. ნელი კორკოტაძის თქმით პროცესს თან მავნე ფაქტორებიც ახლავს, რამაც, შესაძლოა, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

პროტესტი ამ წუთებში შეწყვეტილია. აქციის მოანწილეებმა და მერიის წარმომადგენლებმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს. თევზის გადამამუშავებელი ქარხნები კი იქამდე დაიკეტა, სანამ ორივე მხარე ერთიან პოზიციამდე არ მივა.

დღის ამბები