30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
15 წლის ლუკა სირაძის საქმე - მოზარდის ძმა ახალი დეტალებზე საუბრობს  

15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი იმ პირების დაკავებას ითხოვს, რომლებიც მოზარდის დაკითხვაში მონაწილეობდნენ. დღეს გარდაცვლილის ძმამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მთავარ მოთხოვნებთან ერთად, ახალ დეტალებზე ისაუბრა. ბექა სირაძე ამბობს, რომ არასრულწლოვნის დაკითხვა 4 საათის განმავლობაში მუქარის ფონზე მიმდინარეობდა. ლუკა სირაძე კი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე, 15-20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

დაკავებული გამომძიებლის ადვოკატი არც ერთ ბრალდებას არ ეთანხმება. მარიანა ჩოლოიანის უფლებადამცველი უარყოფს ვერსიას, როგორც მუქარის, ასევე მოზარდის შეურაცხყოფის შესახებ.

დაღუპული მოზარდის ოჯახს კითხვები სკოლის ადმინისტრაციასთანაც აქვს. ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიებამ, ასევე, გასცეს პასუხი კითხვას, რამდენად კანონიერი იყო სკოლის ადმინისტრაციის მოქმედება. მათი განცხადებით, სკოლა სირაძეებს არ დაკავშირებია და ისინი პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

სკოლის ადმინისტრაცია ტელეკამერებთან არც ამჯერად გამოჩენილა. დირექტორი მხოლოდ SMS  შეტყობინებებს პასუხობს. სკოლა უარყოფს ვერსიას, რომ ბავშვის იდენტიფიცირება სასწავლო დაწესებულებაში მოხდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას განაგრძობს. უწყება ახლა ლუკა სირაძის დედის ჩვენებას ელოდება, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, გამომძიებლებს პირველად უნდა შეხვდეს. დედა მზად არის, იმ სამართალდამცველების ამოცნობის პროცედურაშიც მიიღოს მონაწილეობა, რომლებიც მისი ინფორმაციით, მოზარდის დაკითხვას ესწრებოდნენ. 

დღის ამბები