30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
არაფორმალური მმართველობა, პატიმართა შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - სახალხო დამცველის ანგარიში 

პატიმართა შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, კრიმინალური სუბკულტურის არსებობა და არაფორმალური მმართველობა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რაზეც სახალხო დამცველის სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი თავის ანგარიშში საუბრობს. ომბუდსმენის აპარატმა ოთხ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაატარა მონიტორინგი. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კი ციხეებში არაფორმალური მმართველობა სახელდება.

ომბუდსმენის ანგარიშში კვლავ გამოწვევად რჩება დასჯის მიზნით პატიმრების დეესკალაციის ოთახში არამიზნობრივად და ხანგრძლივი დროით გადაყვანა, რაც ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, წინააღმდეგობაში მოდის წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებთან. 

სახალხო დამცველის მიერ დასახელებულ ზოგიერთ პრობლემას ადასტურებს იუსტიციის მინისტრიც. თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის ანგარიში ქალთა კოლონიაში ვიზიტისას შეაფასა.

სახალხო დამცველის ანგარიში შეაფასა ოპოზიციამაც. მათი თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება კრიმინალებთან ციხეში არსებულ ვითარებაზეც აისახება.

მმართველი გუნდში ომბუდსმენის ანგარიშს პოლიტიზირებული უწოდეს და თქვეს, რომ დოკუმენტს ობიექტურობა აკლია.

სახალხო დამცველისგან უფრო მეტ კონკრეტიკას ითხოვს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. ლევან გოგიჩაიშვილი ნინო ლომჯარიას ფრაქციის ფორმატში მისვლას და ყველა პრობლემაზე ღიად საუბარს სთავაზობს.

სახალხო დამცველმა მონიტორინგის პროცესში ყველაზე დიდი ნახევრად ღია და დახურული ტიპის -გლდანის, ქუთაისის, ქსნის და გეგუთის დაწესებულებებში არსებული ვითარება ივლისსა და აგვისტოში შეისწავლა. ომბუდსმენის აპარატი ხელისუფლებას რეკომენდაციითაც მიმართავს და მოუწოდებს, დროულად მოხდეს დიდი დაწესებულებების პატარა ზომის ციხეებად გარდაქმნა, რაც პატიმრებზე ეფექტურ კონტროლს უზრუნველყოფს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია 

დღის ამბები