წლის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა სამინისტრო ტელეკომპანიებისგან მიმდინარე დავალიანებების დაფარვას ითხოვს. უწყება მაუწყებლებს ერთდღიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედებას აანონსებს.
გაფრთხილება ფინანსთა სამინისტრომ წერილობით გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მინისტრმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს საჯაროდ მიმართა ტელემაუწყებლებს, წლების განმავლობაში დაგროვებული საგადასახდო დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები წარედგინათ და ასევე, დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.
წერილში ნათქვამია, რომ ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, შეთანხმების პროცესი ამ დრომდე გრძელდება. რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიებმა დავალიანება არ დაფარეს.
"რუსთავი2-ის" დავალიანება 27 მილიონი ლარია. კომპანიის გენერალური დირექტორის განმარტებით, ამ თანხის დაგროვებას ხელი წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს უმოქმედობამაც შეუწყო. პაატა სალია განმარტავს, რომ უწყებასთან დაგროვებული ვალის ეტაპობრივ დაფარვაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მიმდინარე გადასახადებს კი, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თქმით, კომპანია 2 თვის განმავლობაში შეუფერხებლად იხდიდა. პრობლემა კომპანიას მხოლოდ დეკემბერში შეექმნა, რის გამოსწორებასაც მაუწყებელი, მენეჯმენტის განმარტებით, უახლოეს დღეებში გეგმავს.
ფინანსთა სამინისტროს მოწოდებაში ულტიმატუმის ტონს ხედავს "ტვ პირველი". ტელევიზიის კომერიცული დირექტორის ინფორმაციით, 5-წლიანი არსებობის განმავლობაში "ტვ პირველს" არცერთხელ დაუგვიანია გადასახადების გადახდა. ნანა აბურჯანიძე ამბობს, რომ ახლა პირველი შემთხევვაა, როდესაც კომპანიამ სამინისტროს მიმდინარე დავალიანების დაფარვის გადავადება იანვრამდე სთხოვა.
სატელევიზიო ბაზარზე არათანაბარ საგადასახდო პირობებზე საუბრობს ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორი. ნინო ჯანგირაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მხოლოდ ზაფხულში გაიგო და პროტესტის ნიშნად საერთოდ შეწყვიტა გადასახადების გადახდა. ტელევიზიის მენეჯერი ფინანსთა სამინისტროსგან განმარტებას ითხოვს, რა გეგმები აქვს უწყებას წლების განმავლობაში დაგროვებულ დავალიანებასთან დაკავშირებით. ვალების რესტრუქტურიზაცია ჯანგირაშვილისთვის სამართლიანობის აღდგენასა და თანაბარი პირობების შექმნას არა ნიშნავს.
უთანასწორო საგადასახდო პიროებებს ასახელებს ვალების დაგროვების მიზეზად ტელეკომპანია "იმედიც". ტელევიზიის იურისტი განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ამ დავალიანების გადახდის გრაფიკზე აქტიურად მუშაობენ. მიმდინარე დავალიანება კი, ტელეკომპანიას არ აქვს.
"კურიერი" სხვა ტელეკომპანიებსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენთან განმარტება არ გაუკეთებიათ.
დამატებითი შეფასება დღეს არც ფინანანსთა სამინისტრომ გააკეთა. უწყების ერთდღიანი ვადა ხვალ იწურება. რა სანქციებს აამოქმედებს ფინანსთა სამინისტრო, ვადის ამოწურვის შემდეგ გახდება ცნობილი.