30 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ანა სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართა

კინოთეატრ "ამირანთან" სამოქალაქო აქტივისტის ანა სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ასევე, დაცვის მხარემ ბრალდებულ შალვა შევარდნაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

"შალვა შევარდნაძეს ედავება ბრალდების მხარე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებას, თუმცა აქ მოტივი არის მნიშვნელოვანი. მოტივი არის იმდაგვარი, ვითომ  ეს მოხდა სექსუალური შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება და არც მე არ ვიზიარებ. საქმეშიც არ მოიპოვება ამის მტკიცებულებები, გარდა იმისა, რომ ეს წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს. ჩვენ დღეს ვიშუამდგომლეთ იმის თაობაზე, რომ მომხდარიყო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა და ნაცვლად პატიმრობისა, მას შეფარდებოდა გირაო. თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სასამართლომ იგი დატოვა პატიმრობაში," - განაცხადა ადვოკატმა მერაბ წკრიალაშვილმა.

პროკურორის, დავით კიკაჩეიშვილის განცხადებით კი, მტკიცებულებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა დანაშაული სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით ჩაიდინა.

"ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულია, რომ დანაშაული ჩადენილია სექსუალური ორიენტაციის შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმაზე მიუთითებს. მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის დაზარალებულის და თვითმხილველების ჩვენებები. ნივთიერი მტკიცებულებები, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია კანონმდებლობის სრული დაცვით," - განაცხადა პროკურორმა.

საქმეზე არსებითი განხილვა 6 იანვარს დაიწყება.

დღის ამბები