30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
მოხვდება თუ არა დეკანოზი წინასაახალწლოდ შეწყალებულთა სიაში, ისევ უცნობია

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალი რეგულაციები უკვე დაადგინა, კითხვა კი, შეხვდება თუ არა მსჯავრდებულთა ერთი ნაწილი 2020 წელს სახლში ჯერჯერობით უპასუხოდ რჩება. შეწყალების მომლოდინეთა რიგშია დეკანოზი გიორგი მამალაძეც, რომელსაც სინოდმა თითქმის 2 თვის წინ უშუამდგომლა.

დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დარწმუნებულია, რომ 31 ოქტომბერს წმინდა სინოდმა ფორმალური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მსჯავრდებული მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა. მისივე შეფასებით, დეკანოზის შეწყალების პოლიტიკური ნება არ არსებობს.

მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ გუშინ "კურიერთან" თქვა, რომ მას დეკანოზი მამალძე უკვე შეწყალებული ეგონა. მოხვდება თუ არა დეკანოზი წინასაახალწლოდ შეწყალებულთა სიაში უცნობია.

26 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა მორატორიუმი გააუქმა, ახალი ბრძანების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი პატიმრებს ახალი წესით შეიწყალებს. ბრძანება უკვე ძალაშია შესული, მომდევნო შეწყალების აქტი კი ტრადიციულად წინასაახალწლო დღეებში უნდა მოხდეს, თუმცა ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. ბერ-მონაზონი ანდრია სარია დარწმუნებულია, რომ მთავარსარდალი საპატრიარქოს არაოფიციალურ პოზიციას გაითვალისწინებს.

მამა გიორგი მამალაძის შეწყალების აუცილებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები. გოჩა მირცხულავა მიიჩნევს, რომ წინააღმდეგ შემთვევაში ეს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთი გაუგებარი ნაბიჯი იქნება, მირცხულავა მამა გიორგის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

საუკუნის საქმის მსჯავრდებულის გარდა პრეზიდენტის შეწყალებას უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელიან სხვა პატიმრებიც. პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების შემდეგ გამოცხადებული მორატორიუმის გამო უამრავი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის განცხადება ადმინისტრაციაში არც განხილულა.

მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა. "ადამიანის უფლებათა ცენტრში" შეწყალების შემდეგ დაწყებული გამოძიების დასრულების აუცილებლობაზეც საუბრობენ. 

მკვლელობაში, ნარკოდანაშაულში, პედოფილიასა და სხვა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალება გაახსენეს პრეზიდენტს დღეს ოპოზიციის წევრებმა. პოლიტიკოსებისთვის გაუგებარია, რატომ არ გამოკითხა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილი.

უცნობია, განახლდა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან განაცხადების შეტანა და როდის მოხდება განახლებული წესით მსჯავრდებულთა შეწყალება. მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა მძიმე დანაშაულობებში ბრალდებულები შეიწყალა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები