30 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
რას ჰყვება ადვოკატი, რომელიც ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესზე ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა

ადვოკატი ბადრი მანჯავიძე, საკუთარი სურვილით, ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი ექიმის საქმის განხილვაზე დასასწრებად ჩავიდა.

ადვოკატის თქმით, გაფრინდაშვილი შორიდან დაინახა, ის სხდომაზე 2 ბადრაგის თანხლებით შეიყვანეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ იურისტს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს.

ბადრი მანჯავიძე პროცესის დასრულების შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატთან, ვლადიმერ ფიდაროვთან, გასაუბრების დეტალებს ჰყვება.

"კურიერთან" სატელეფონო საუბარში დატყვევებული ექიმის ადვოკატი ამბობს, რომ დუმილი არის ერთადერთი გზა, რაც  ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას დააჩქარებს.

სწორედ ამ მიზეზით ვლადიმერ ფიდაროვი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს ტელეფონით ესაუბრა.

დავით ზალკალიანმა საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები  ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას უკიდურესად ამძიმებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას უწუნებს და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ რბილი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. 20 დეკემბერს მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დღის ამბები