30 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
მთელმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, რომ უკონტროლო ხელისუფლება არის მთავარი საფრთხე - გიგა ბოკერია

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ, პროპორციული საარჩევნო სისტემის კრიტიკას შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს. 

"მთელმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, რომ სუპერუმრავლესობები და უკონტროლო ხელისუფლება არის მთავარი საფრთხე. განსაკუთრებით ისეთი სამარცხვინო ხელისუფლების პირობებში, როგორიც დღეს გვყავს და თუმდაც უკეთესი ხელისუფლების პირობებშიც. ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გაკეთდა და თვითონაც ამას იძახდნენ.

ეს არის იმ უტიფრობის და სიბრიყვის გაგრძელება, რასაც ვხედავთ ივანიშვილის კლოუნების მხრიდან მუდმივად და ბატონი თალაკვაძე არ არცხვენს ამ სტანდარტს ივანიშვილის კლოუნადის ამ სულელური განცხადებებით,“ - განაცხადა ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე 100/50 - მანდატების გადანაწილების ახალ მოდელს, ხელისუფლების ახალ სატყუარას უწოდებს.

"ახლა არიან აგონიაში და გვთავაზობენ აბსოლუტურად უგუნურ გადაწყვეტილებას. თურმე ჩვენ უნდა დავეხმაროთ პროპორციული სისტემის გაუქმებაში. ახლა გვთავაზობენ რაღაც სატყუარას, მოდით გადავიდეთ ისეთ სისტემაზე, სადაც იქნება 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული და ამას ასახელებენ, როგორც სტაბილურობის ერთ-ერთ ნიმუშად. ეს არის ზუსტად იტალიური მოდელი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიაში შეიცვალა 69 მთავრობა და 29 პრემიერი მინისტრი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"შენების მოძრაობის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი მიზანი, რის გამოც მმართველი ძალა პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგება, ხელისუფლების დაკარგვის შიშია.

"გვეუბნებიან, ვიცით, რომ მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები გვიჭერს მხარს და ამიტომ, პროპორციული არჩევნებით უმრავლესობაში ვერ მოვალთ, მაგრამ ვთვლით, რომ ჩვენს გარეშე საქართველო დაიღუპება და ამიტომ მაინც ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში," - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ქართული ოცნება" შიშობს, რომ პარლამენტის პროპორციული წესით დაკომპლექტების შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის პირობებში, შესაძლებელია ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეს და პროცესები არასტაბილური გახდეს. ამ მოლოდინებსა და პროგნოზებზე პარლამენტის თავმჯდომარე გუშინ საუბრობდა.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის მართებულობაზე საუბარი დაგვიანებული და არასერიოზულია.

"პროპორციული სისტემის მართებულობაზე ახლა საუბრის დაწყება არასერიოზული მგონია. წლები გავატარეთ იმაზე საუბარში თუ რა საარჩევნო სისტემა იქნებოდა მართებული." განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

დღის ამბები