30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
დევნა და შანტაჟი - ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის წინააღმდეგ

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე თითქმის 4 საათის განმავლობაში იკითხებოდა. ნათია ზოიძე სამმართველოში, თავისივე განცხადების საფუძველზე დაიბარეს.

ნათია ზოიძის განცხადებით, მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი კოხრეიძემ მას უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზოიძე სარედაქციო პოლიტიკას არ ჩამოშორდება, ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელი მის ხელთ არსებულ ნათია ზოიძის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერებს გაასაჯაროებს.

"ბატონმა გოგა კოხრეიძემ, ხელშეკრულებიდან სწორედ ის ნაწილი ამოიღო, რომლის მიხედვითაც მე მქონდა უფლებამოსილება, რომ სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი ვყოფილიყავი.

კორესპონდენცია ჩემ ხელშეკრულებასთან და კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით, დაახლოებით ას გვერდს ითვლიდა და მე ეს ყველაფერი თავის დროზე შევაფასე დევნად და შანტაჟად, რის გამოც მივმართე პროკურატურას.

ჩემი შრომითი უფლებები არის დარღვეული, არ მეძლევა ხელშეკრულებით და დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების საშუალება და ამ მიმართულებით არის გამოძიება წასული," - აცხადებს აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე. 

მის უფლებებს, "ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. როგორც იურისტები განმარტავენ, არ არის დასაბუთებული კონკრეტული ნორმა, რის საფუძველზეც ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების ფორმა შეიცვალა. 

"განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნათია ზოიძემ მოგვმართა სამართლებრივი დახმარებისთვის. მოგვაწოდა ინფორმაცია იქ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაზეც მოვამზადეთ განცხადება და მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს, რაზეც დაიწყო გამოძიება,"-აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი პაატა დიასამიძე.

ნათია ზოიძის თქმით, ახალი დირექტორის მიზანია, არხის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშოროს. 

დღის ამბები