30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომები ნაწილობრივ გაიხსნა - სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ მიხეილ კალანდიას ადვოკატის შუამდგომლობა, სხდომის ნაწილობრივ გახსნასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა და ხორავას ქუჩაზე, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმის განხილვა, ნაწილობრივ საჯარო გახდა.

როგორც კალანდიას ადვოკატმა სასამართლო პროცესის შემდეგ აღნიშნა, მათი მოთხოვნა სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდა.

"დაცვის მეოთხე მცდელობა სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით წარმატებით დამთავრდა, დღეს პროკურატურას გამოეცალა აბსოლუტურად ყველა არგუმენტი, რომლითაც ის სრულიად უკანონოდ ხურავდა სხდომას, რაც კალანდიას ინტერესებს არ ემსახურებოდა და პირდაპირ ბრალდების ინტერესებზე იყო აგებული, რადგან ბრალდებას არ უნდოდა საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სხდომების მიმდინარეობის პროცესში ნათლად იკვეთებოდა," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ. 

აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პროკურორმაც.  

"პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაიხსნა. ჩვენ გვსურდა საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების სახელები, გვარები და სხვა პერსონალური მონაცემები არ გამხდარიყო საჯარო, რაც კიდევ უფრო მეტ სტრესს მოუტანდა არასრულწლოვნებს, რომელიც ისედაც ჰქონდათ მიღებული პროცესში მონაწილეობის შედეგად," - აღნიშნა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

დღის ამბები