30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
სეზონური გრიპის შემთხვევებმა იმატა - გამოვლინდა H1N1 ვირუსი

ბოლო 2 კვირის განმავლობაში სეზონური გრიპის შემთხვევების მატების შედეგად ზოგიერთი კლინიკა გრიპით დაავადებულებს ვეღარ იტევს. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მშობლები ჰყვებიან, რომ პატარებს თავის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

ბოლო 24 საათში სეზონური გრიპით ციციშვილის ბავშვთა კლინიკას 80-მა პაციენტმა მიმართა. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში კი ამ ეტაპზე 15-მდე პაციენტი მკურნალობს. პედიატრი ამბობს, რომ მათ კლინიკაში ამ სეზონზე სხვა ტიპის ვირუსებთან ერთად H1N1 ვირუსიც გამოვლინდა.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში სეზონური გრიპის შემთხვევების მკვეთრად მატებაზე საუბრობს პედიატრი თემურ მიქელაძეც. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმით შარშანდელთან შედარებით ამ სეზონზე უფრო მეტი სახის ვირუსია გავრცელებული და მოსახლეობას ურჩევს სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ.

გრიპის შემთხვევები ფიქსირდება ბაღებშიც. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ რომ მდგომარეობა ჯერჯერობით საგანგაშო არ არის. სააგენტოს ხელმძღვანელი მშობლებს მოუწოდებს, ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ბავშვის ბაღში მიყვანისგან თავი შეიკავონ.

საქართველოში ბოლო 2 თვის მონაცემებით დაახლოებით 8 სახის ვირუსი ცირკულირებს. სეზონურ გრიპებს შორის ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსი დაფიქსირდა. ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.

დღის ამბები