30 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ფეისბუქის სკანდალი - ყალბი სოციალური გვერდები რეალური პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა

ყალბი სოციალური გვერდები რეალური პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. სოციალური ქსელის საერთაშორისო სკანდალმა უმრავლესობასა და ოპოზიციას ერთმანეთის დადანაშაულების მორიგი საფუძველი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ "ფეისბუქის" ადმინისტრაცია საეჭვო გვერდებთან კავშირში ხელისუფლების კვალს ხედავს, მმართველი გუნდი ხელს ოპოზიციისკენ იშვერს. გაუქმებული ანგარიშებისა და გვერდების დახმარებით ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებაში "ქართული ოცნება" ნაციონალუირი მოძრაობას ადანაშაულებს. 

სოციალური ქსელის სკანდალი ქართული ოცნების კრიტიკის მიზეზი არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც გახდა. მმართველი გუნდის ოპონენტები მოქალაქეებთან ურთიერთობაში ხელისუფლების პრობლემებზე საუბრობენ და მთავრობას ორმაგ საგარეო პოლიტიკაში ადანაშაულებენ. 

კახა კალაძე ერთადერთი იყო მმართველი გუნდიდან ვინც დღეს კამერებთან გამოჩნდა და "ფეისბუქის" ადმინისტრაციის მიერ გაუქმებულ ყალბ ანგარიშებზე განმარტება გააკეთა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა "ფეიკ ნიუსების" იდეოლოგებად "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა. ეს შეფასება თბილისის მერმა იმ კითხვაზე საპასუხოსოდ გააკეთა, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმაციის პრევენციის შესაძლო რეგულაციების ამოქმედებას ეხებოდა, რაც მამუკა მდინარაძემ ფეისბუქპოსტით დაანონსა. 

ის, რაც აქამდე ვარაუდი იყო, ახლა დასაბუთებულია - აცხადებს ექსპერტთა ნაწილი. სპეციალისტების შეფასებით, კარგად გამოჩნდა ის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაც, რომელიც მთავრობას ოპონენტების მისამართით აქვს. მათთვის მიუღებელია ისიც, რომ მსგავსი კამპანია სახელმწიფო რესურსებით ხორციელდებოდა. ანალიტიკოსების ნაწილი სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. 

გასაკვირი არა დეზინფორმაციაა, არამედ ის, რომ დემოკრატიაში მთავრობა საკუთარი მოსახლეობის მანიპულირებას ეწეოდა - ამ სათაურით Facebook-ტროლების საქმეზე სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. მედიასაშუალებასთან კომენტარი გააკეთა გრამ ბრუკიმ. 

ეს არის პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით - ფეისბუქის მიერ ყალბი ანგარიშების გაუქმებას ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ეხმიანება. მისი შეფასებით "დეზინფორმაციასთან ბრძოლა ნელი პროცესია, განსაკუთრებით როდესაც რეაგირებას ფეისბუქი ახდენს". ტორნტონი 2020 წლის არჩევნების წინ განსაკუთრებული სიფრთხილის აუცილებლობაზე საუბრობს.

რუსეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, საქართველო - ამ ჩამონათვალს შეეერთბეული შტატებიც დაემატა. "ფეისბუქმა" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხარდამჭერი გვერდი გააუქმა. დონალდ ტრამპის მომხრეების ამ გვერდს 55 მილიონი გამომწერი ჰყავდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ ყალბი ანგარიშების გამოყენება პროტრამპული მესიჯების გავრცელებისთვის ხდებოდა. ამ მიზნით 610 ფეისბუქ ანგარიში, 89 გვერდი, 156 ჯგუფი და "ინსტაგრამის" ათობით ანგარიში გამოიყენებოდა. ყალბი ანგარიშების შექმნაში ჩართულმა ორგანიზაციებმა რეკლამირებაში ცხრა მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები