30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
სასამართლო ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯელობს

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო პირველი პრეზიდენტის შვილის ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯელობს- პროცესს ხუთივე ბრალდებული ესწრება.

დაკავებული ტატო ღარიბაშვილისა და გიორგი სოლოღშვილის უფლებადამცველები დღეს სასამართლო პროცესზე აღმკვეთის სახით გირაოს მოთხოვნას არ აპირებენ. ადვოკატების განმარტებით,  გამოძიებას რომ ხელი არ შეეშალოს, ისინი ამ მოთხოვნისაგან თავს შეიკავებენ.

ამასთან, დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ ყოფით საკითხზე დაპირისპირება, რომელიც მძიმე შედეგებამდე მივიდა, სწორედ ცოტნე გამსახურდიამ დაიწყო.

"თავად ბრალდების მხარის ვერსიაა, რომ დაპირისპირება მოხდა სუფრაზე, სადაც ერთად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს ცოტნე გამსახურდია და ბრალდებულები, ასევე, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ პირველები ადგნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მისი მეგობრები, ხოლო მათ ცოტნე გამსახურდია უკან გამოედევნა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე პირველი შემთხვევაა, როდესაც მე არ დავაყენებ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობაზე," - განაცხადა გიორგი სოლოღაშვილის ადვოკატმა ირაკლი ჩიმახაშვილმა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურა მოითხოვს, გამოძიების დასრულებამდე ყველა დაკავებული პატიმრობაში დარჩეს.

"ბრალდების მხარის მოთხოვნა არის ხუთივე დაკავებული პირის მიმართ პატიმრობის გამოყენება. წარმოდგენილი მასალებით, რაც არის ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილი, ურთიერთშელაპარაკება მოხდა ყოფით ნიადაგზე," - აღნიშნა პროკურორმა მარიკა გოგოხიამ.

გამოძიებას ჯერ არ აქვს,კონფლიქტში მონაწილე მეორე პირის ცოტნე გამსახურდიას ჩვენება, ის ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია.

დღის ამბები