30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
რუსეთი აფხაზეთში ქართველების ქონების გადაფორმებას იწყებს - რა მიზნით ჩავიდა რუსული დელეგაცია ოკუპირებულ რეგიონში

აფხაზეთში, ამერიკული სანქციების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ახლა კი რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილის ვიტალი მუტკო ხელმძღვანელობით, რუსული დელეგაცია ჩავიდა და აფხაზ სტუდენტებს შეხვდა. დელეგაციას აფხაზი სტუდენტები ოვაციებით შეხვდნენ, თუმცა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსების ჩასვლის მთავარი მიზეზი არა სტუდენტები, არამედ რეგიონში საომარი მოქმედებების შემდეგ დარჩენილი კერძო საკუთრება აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს.

დახურული შეხვედრიდან გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენელი მოსკოველ პატრონებს პირობას აძლევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების მიყიდვის საკითხს დაძრავს.

"აი სამხედრო ქალაქი პატივცემულო მეგობრებო არსებობს სოხუმში, მითხარით გეთაყვა ვის უშლის ხელს? ვის უშლიან ხელს მისი მაცხოვრებლები, ოფიცრების ოჯახები? ისინი არ იღებენ მონაწილეობას ჩვენს არჩევნებში და არც უნდათ, ეს მათ არ სჭირდებათ. რა უნდა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც ჩამოვიდა აფხაზეთში, რომელმაც იმუშავა ჩრდილოეთში? უნდა რომ თავისი დარჩენილი დღეები, ცხოვრების საუკეთესო წლები გაატაროს აფხაზეთში და ქონდეს აქ კერძო საკუთრება, ამიტომ კერძო საკუთრების თემაზე არის სამუშაო და მოდი ვიმუშაოთ, დავიწყოთ რაღაც რეალური ნაბიჯებით, მე მზად ვარ მხარი დავუჭირო, მაგრამ ექიმივით ვიმოქმედოთ - არ ვავნოთ, ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ," - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი.

ბარციცის დაპირების მიუხედავად პროცესები ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ ვერ განვითარდა და მოსკოვურ დელეგაციასთან კარს მიღმა საუბრის დეტალები ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვისაც ცნობილი გახდა და სოციალური ქსელით საპროტესტო აქცია დაიგეგმა. სოხუმელი ბლოგერი გიორგი ჯახაია ამბობს, რომ დღეს აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთისთვის საკუთრების გადაცემაზე ლეგიტიმური შიში აქვთ.

ოკუპირებულ რეგიონში არსებულ დახურულ სოციალურ ჯგუფებში მოსახლეობის რეაქციები ორგვაროვანია, თუმცა ჩანს რომ რეგიონიდან გამოდევნილი მოქალაქეების საკუთრების რუსეთისთვის დათმობას არ აპირებენ.

ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ზოგადი ინფორმაცია აქვთ მთავრობაში, რუსეთის მოქალაქეების მიერ კერძო საკუთრების შეძენის ფაქტზე პასუხი დღეს მხოლოდ მინისტრთა კაბინეტის ერთ წევრს აღმოაჩნდა და ისიც ზოგადი.

"ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება და ჩვენი ბერკეტებიც არის შეზღუდული, თუმცა მერწმუნეთ ვიცით ეს პრობლემა და ვფიქრობთ," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მთავრობისგან განსხვავებით გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობენ საკანონმდებლო ორგანოში. აქ უმრავლესობა ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის კერძო საკუთრების მიყიდვას თავად აფხაზები არ დაუშვებენ, ოპოზიცია კი მმართველი ძალის არასწორ ნაბიჯებზე საუბრობს, რამაც შესაძლოა ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენოს.

დღის ამბები