30 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
პოლიტიკური დევნა, საარჩევნო სისტემის ჩაგდების საკითხი - ამერიკელი პარტნიორების კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებას 

დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე პირობა შეასრულოს - განცხადებას ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ამერიკის ხმასთან" აკეთებს. უფრო მეტიც, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა, რაც შემაშფოთებელია. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს რესპუბლიკელი კონგრესმენი და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი.  

ვაშინგტონში გაკეთებული მწვავე განცხადებების შემდეგ შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიცია იზიარებს ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებას და აცხადებს, რომ საქმე არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაში, არამედ საქართველოს ინტერესებზე ზრუნვაშია. 

მმართველი გუნდის ოპონენტები შიშობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯი მნიშვნელოვნად ზიანდება.

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერისთვის პარტნიორების კრიტიკა მოულოდნელი არ ყოფილა. თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკელ მოკავშირეებთან ურთიერთობისას საარჩევნო სისტემის ჩაგდების საკითხი დღის წესრიგში მანამდე იქნება, სანამ ხელისუფლება მიცემულ პირობას არ შეასრულებს.

მწვავე განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც საპარლამენტო დელეგაციამ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი სათაურით "საქართველო უფსკრულის პირას", რომელშიც ავტორი ტრამპის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს თბილისთან მიმართებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან. უფრო მეტიც, რედაქციის ინიციატივაა შტატებმა ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს, რათა "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გაცემული პირობა შეასრულოს.

 

დღის ამბები