30 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" დათმო მაჟორიტარების რაოდენობა - 50 მაჟორიტარი 73-ის ნაცვლად

50 მაჟორიტარი 73-ის ნაცვლად - "ქართულმა ოცნებამ" დათმო მაჟორიტარების რაოდენობა, თუმცა არა შერეული სისტემა. მმართველი გუნდის შეთავაზებულ მოდელში პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი ასამდე იზრდება, მაგრამ შერეული სისტემა არა მხოლოდ 2020 წელს არამედ 2024-შიც დარჩება.

"ქართული ოცნების" შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ახალი მოდელის დამტკიცებისთვის უმრავლესობას პარლამენტში 113 ხმა და შესაბამისად ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება, რაც როგორც დღეს გაირკვა გამორიცხულია.

შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციის წევრები ამბობდნენ, რომ შეთავაზებული ვარიანტი დღეს არსებულ მოცემულობაზე უარესია, რადგან კონსტიტუციით 2024 წლიდან მაინც არის გარანტირებული სრულად პროპორციული სისტემა - რისი შეცვლაც ახალი ინიციატივით "ქართულ ოცნებას" სურს.

მიუხედავად კატეგორიული უარისა "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ოპოზიცია შეთავაზებული მოდელის განხილვას დათანხმდება.

დღეს მმართველ გუნდში არ დაუმალავთ, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება მათ ინტერესშია, რაც არჩევნების შემდეგ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლისთვის და მთავრობის დასაკომპლექტებლად სჭირდებათ.

მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიპლომატების ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა, ელჩები იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მხარეები შეთანხმდებიან, მთავარი მათი აზრით დიალოგის გაგრძელებაა.

მიუხედავად აზრთა რადიკალური სხვადასხვაობისა, მხარეები იანვარში კიდევ ერთხელ მაინც შეიკრიბებიან, იქამდე კი ოპოზიცია აქციებს და შენობების პიკეტირებას აანონსებს.

დღის ამბები