30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
შურისძიება თუ ბიზნესდაპირისპირება - ამ ეტაპზე უცნობია, რატომ დაჭრეს ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია უგონო მდგომარეობაში გუშინ საღამოს 7 საათისთვის ნახეს, დაჭრილი სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გამსახურდია ამ ადგილამდე საკუთარი ფეხით მივიდა და გონება დაკარგა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ გამსახურდიას მკვლელობა რამდენიმე პირმა სცადა, 2 თავდამსხმელი გალის ქუჩიდან ლარსის ქუჩის მიმართულებით გაიქცა.

დანარჩენები კი ვერის სასაფლაოს გავლით რჩეულიშვილის ქუჩაზე კიბის დახმარებით გაიქცნენ. თუმცა რჩეულიშვილის ქუჩის ამ მონაკვეთზე არცერთი სათვალთვალო კამერა არ არის დამონტაჟებული.


საეჭვოა გარემოება, რომლის მიხედვითაც გუშინ შემთხვევის დროს გალის ქუჩაზე გათიშული იყო ქუჩის განათება, რის გამოც მეზობლებმა ვერაფერი დაინახეს. თუმცა, იციან ყველა ვერსია, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელდა. ისინი გამორიცხავენ, რომ მომხდარი ცოტნე გამსახურდიასა და დავით ბაჯელიძის ძველ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

მეზობლები შურიძიების ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ, თუმცა ბაჯელიძე უკვე რამდენიმე დღეა აღარ უნახავთ.

დავით ბაჯელიძესა და ცოტნე გამსახურდიას შორის სისხლიანი დაპირისპირება 2009 წელს მოხდა, რა დროსაც პირველი პრეზიდენტის შვილი დააკავეს.

"კურიერი" დღეს დავით ბაჯელიძესთნაც იმყოფებოდა, რომელიც ცოტნე გამსახურდიას მოპირდაპირედ ცხოვრობს. ოჯახის წევრებმა საუბარი არ ისურვეს, "კურიერის" ინფორმაციით, ბაჯელიძე ჯერ კიდევ გუშინ ღამით გამოიკითხა.

გალის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის დროს, "პრიუსის სერვისი", რომელიც ცოტნე გამსახურდიას საკუთრებაა და მის საცხოვრებელ სახლთან მდებარეობს, ჯერ კიდევ მუშაობდა.

დილით, გადაღებული კადრების მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ცენტრის დახურვა თანამშრომლებს მოულოდნელად მოუწიათ. სწორედ ამ ტერიტორიას უკავშირდება, თავდასხმის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც "კურიერის" ინფორმაციით გამოძიება მუშაობს.

"კურიერმა" გაარკვია, რომ პირი რომელიც "პრიუსის" ცენტრში ერთ-ერთ განყოფილებას ქირაობდა, გამსახურდიას თვეების განმავლობაში თანხას არ უხდიდა, რის გამოც მხარეებს შელაპარაკება მოუვიდათ.

"კურიერის" კამერასთან ამის შესახებ არ საუბრობენ თანამშრომლები, რომლებიც დილით გალის ქუჩაზე პირდაპირ პოლიციიდან მოვიდნენ.

ცოტნე გამსახურდია 10-მდე ჭრილობით ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს. მას ორი გადაუდებელი და მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

მას დანითა და ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა და ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.

ამ დრომდე შსს მომხდარზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

დღის ამბები