30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ბრძოლა სუიციდის პრობლემასთან - ფსიქოლოგები და დარგის ექსპერტები სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ

სუიციდის გაშუქების პრობლემა, საზოგადოების რეაქცია და ის პროცესი, რაც არასრულწლოვანის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს - ფსიქოლოგები და ფსიქიატრები თანხმდებიან, რომ სახელმწიფომ საკითხის მოსაგვარებლად სისტემურად, საზოგადოებისა და მოზარდების ოჯახების ჩართულობით უნდა იმუშაოს.

მოწყენილობა, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან დისტანცირება, ხასიათის ხშირი ცვლილება, დეპრესიული მდგომარეობიდან უეცარი გაბედნიერება - ეს ის ნიშნებია, რომელიც იმ ადამიანს ახასიათებს, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს. ხშირად მოზარდები სუიციდის გადაწყვეტილებას მხოლოდ მიბაძვის გამო იღებენ.

მოზარდებში სუიციდის პრევენციისთვის გასატარებელ ნაბიჯებზე ფიქრი დაიწყეს საპატრიარქოშიც, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემასაც შეეხნენ. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საკითხზე მსჯელობისას სოციალური მექანიზმების გაძლიერების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

უკვე წლებია, თვითმკვლელობის შემთხვევებს მედია აქტიურად აშუქებს. ასაჯაროებს პირად მონაცემებს, სუიციდის მიზეზებსა და განხორციელების გზებზეც ღიად საუბრობს.

მოზარდებში თვითმკვლელობების პრევენციის მიზნით "რუსთავი 2" სარედაქციო პოლიტიკას ცვლის და მსგავსი ფაქტების გაშუქებისას საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებს, რითიც შეეცდება ხელი არ შეუწყოს სუიციდს რომანტიზებას.

ფსიქოლოგების რეკომენდაციით,  მოზარდების პრობლემებზე ხმამაღლა საუბრისას აუცილებელია საზოგადოებამ სწორი რეაგირება მოახდინოს - აგრესია და სიძულვილის ენა კი, სიყვარულით შეიცვალოს.

 

 

დღის ამბები