ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"რუსთავი 2" უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.
აქვე ვაცხადებთ, რომ სუიციდის შემთხვევების არასწორმა გაშუქებამ, შესაძლოა, იმოქმედოს სხვა ადამიანების, განსაკუთრებით კი, მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მიაღებინოს მათ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება.
გადამდები სუიციდის პრევენციის მიზნით, "რუსთავი 2" დღეიდან მსგავსი ფაქტების გაშუქებისას იხელმძღვანელებს საერთაშორისო სტანდარტით და შეეცდება ხელი არ შეუწყოს თვითმკვლელობების რომანტიზებას:
* ჩვენ არ მოვყვებით სიკვდილის მეთოდის შესახებ და განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, არ ვისაუბრებთ არც თვითმკვლელობის ადგილზე;
* "რუსთავი 2" არ ამახვილებს ყურადღებას სუიციდის გამომწვევ მიზეზებზე, ვინაიდან ეს შეიძლება მიბაძვის საფუძველი გახდეს;
* "რუსთავი 2" თვითმკვლელობის ცალკეულ შემთხვევებს შორის არ გაავლებს პარალელებს;
* "რუსთავი 2" მოერიდება სიკვდილამდე დატოვებული წერილის შინაარსის ტირაჟირებას, თუ მასში არ არის საზოგადო მნიშვნელობის, ან დანაშაულის პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია;
"რუსთავი 2" განაგრძობს პრობლემის გაშუქებას ისე, რომ ზიანი არ მიადგეს სხვა ადამიანებს და შეიქმნას არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების პრევენციისათვის შესაბამისი გარემო.