30 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ჯოჯოხეთური სანქციები რუსეთს და საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია სენატისგან - გამოხმაურებები თბილისში

საქართველოს ოკუპაცია ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომლის გამოც სენატორები დონალდ ტრამპს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტს სიმწვავის გამო უკვე უწოდეს ჯოჯოხეთური სანქციები. თუმცა, ოპოზიცია თბილისში მაინც უკმაყოფილოა, მათი თქმით, აქცენტები საქართველოზე არასაკმარისია.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი პრეზიდენტისგან ითხოვს რუსეთს საჯაროდ მოუწოდოს, დაასრულოს ოკუპაცია და პრორუსული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში, დააბრუნოს ყირიმი უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშ, შეწყვიტოს ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში. "ქართული ოცნების" მოქმედი და უკვე ყოფილი წევრების შეფასებით, კრემლის აგრესიის დაცვის აქტი ამერიკელი პარტნიორობის მკაფიო მხარდაჭერას ნათლად გამოხატავს.

კანონპროექტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, ამერიკა ფინანსურად დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც კრემლის ზეწოლას განიცდიან. რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თანხები უნდა დაიხარჯოს ამ ქვეყნებში ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმის კიბერთავდასხმებისგან დაცვაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებაზე. ასევე, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში უნდა გააქტიურდეს რუსეთის ქმედებებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირება.

ოპოზიციის ბრალდებები, საგარეო ველზე დიპლომატების პასიურობის შესახებ გაუგებარია ამერიკაში საქართველოს ელჩისთვის.

საქართველო, როგორც რუსული აგრესიის ერთ-ერთი ადრესატი სენატის დოკუმენტში არაერთ კონტექსტშია ნახსენები. კომიტეტის მხარდაჭერის შემდეგ, კანონპროექტი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, რომლის შემდეგაც ის ამერიკის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. ჯოჯოხეთური სანქციების სახელით ცნობილი დოკუმენტი რუსეთისთვის პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას გულისხმობს.

დღის ამბები