30 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
ცოტნემ მითხრა, რომ მომკლავენ ჩემს სიცოცხლეს საფრთხეო ემუქრებაო - ქეთევან ენუქიძე

 

დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. მას ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. მას შემავალი ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა გალის ქუჩის 19 ნომერში, ზუსტად 19 საათზე მოხდა, რა დროსაც ცოტნე გამსახურდია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მისი სამი მეგობარი უკვე გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ამ წუთებში გალის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ხმაური იყო, ჩხუბი იყო და მივყავართ პოლიციაში. ალბათ ცხელ კვალზე უნდათ გამოძიება. გასროლის ხმა არ იყო, იყო ჩხუბი, ხმაური. ჩვენ ვმუშაობდით შიგნით ბოქსებში და შემთხვევა მოხდა გარეთ. ცოტნეს მოუვიდა ჩხუბი ეტყობა. არ ვიცი. ხმაურზე გამოვვარდი და დაგვხვდა ასეთი ამბავი. ჩვენს ხელში ჩაიკეცა. კისრის არეშია დაჭრილი. ერთი ჭრილობაა და თავის არე აქვს გახეთქილი," - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

საავადმყოფოსთან ამ წუთებში იკრიბებიან ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრები და ახლობლები.

ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ჰქონდა თუ არა ცოტნე გამსახურდიას რაიმე დაპირისპირება რომელიმე ჯგუფთან და მომხდარის შესახებ საუბარი უჭირს. ინციდენტთან დაკავშირებით გაჟღერდა გვარი ბაჯელიძე, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ოჯახის წევრებს რაიმე ინფორმაცია არ გააჩნიათ.

"მდგომარეობა არის მძიმე, დაჭრილია გულ-მკერდის არეში. ჯერჯერობით მთავარია, გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ვნახოთ გამოძიება რა შედეგს დადებს. წინასწარ, რაც არ ვიცი იმაზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პირველადი მონაცემებიდან გამომდინარე, რაც მე მითხრეს, ეს არის დანისებრი ბასრი საგანი. არის საკმაოდ საშიში ჭრილობა და დაველოდოთ რას იტყვიან ექიმები.

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

არსებობს ვარაუდი, რომ თავდასხმა უკავშირდება მის ხმაურიან პოსტებს "ფეისბუკ" გვერდზე და ასევე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.

"ცოტნემ შარშან დეკემბერში მე მითხრა, რომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება ვიღაცის გეგმაში შედიოდეს და ზუსტად ვიცი, რომ მე ამის გამო აუცილებლად მომკლავენ. ჩემს სიცოცხლეს ემუქრება საფრთხეო. მემგონი ამას ბევრი მარჩიელობა არ უნდა იმიტომ, რომ ის ითხოვდა მამის მკვლელობის გამოძიებას," - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი ქეთევან ენუქიძე.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრა ვერაზე მოხდა. გამსახურდია უგონო მდგომარეობაში მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.  

დღის ამბები