30 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს, მმართველი გუნდი კი ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს

ოპოზიცია უკვე მეორე დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს. ლიდერები აცხადებენ, რომ 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაში დამნაშავე სისტემაა. ამიტომ, მათი შეფასებით უწყების ხელმძღვანელმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოს.

მმართველი გუნდი კი ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრობლემის მიმართ არასწორ მიდგომებზე საუბრობს.

ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზების მცდელობაზე საუბრობს პრემიერ მინისტრიც. გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, საქმეზე კითხვის ნიშნები არ დარჩება.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს დავალებები მისცა. შინაგან საქმეთა, განათლების, ჯანდაცვის და იუსტიციის უწყების პირველ პირებს კოორდინირებული მუშაობა დაევალათ ყველა იმ საკითხზე და რეფორმაზე, რომელიც არასრულწლოვნებს ეხება.

ცვლილებების აუცილებლობის პარალელურად კიდევ ერთი პრობლემა, მართველი გუნდის წევრებისთვის, სუიციდის პროპაგანდა და სახიფათო ინფორმაციის გავრცელებაა. თბილისის მერი ამბობს, რომ დედაქალაქის ქუჩებიდან ამ შინაარსის ყველა წარწერა წაიშლება.

სახიფათო გზავნილებზე საუბრით დაიწყო ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემაც. არჩილ თალაკვაძე აქციების ორგანიზატორებს პროტესტის ფორმებზე დაფიქრებას ურჩევს.

ჰუმანური მიდგომების საჭიროებაზე აკეთებენ აქცენტს დამოუკიდებელი დეპუტატებიც, რომლებიც თვლიან, რომ სწორი რეაგირების შემთხვევაში ტრაგედია არ მოხდებოდა. კანონმდებლები სისტემაში ხარვეზებს ხედავენ. ეკა ბესელია ამბობს, რომ მოზარდის გამოკითხვის დროს კოდექსი დაირღვა და 15 წლის მოზარდმა ვერ ისარგებლა მისთვის გარანტირებული უფლებით.

დეპუტატების ნაწილი პოლიტიკურთან ერთად, ყველა იმ პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს, ვისაც საქმესთან პირდაპირი ან ირიბი შეხება ჰქონდა. არ არის გამორიცხული, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, პარლამენტში მინისტრების დაბარების საკითხი დააყენონ.

დღის ამბები