30 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"პროკურატურამ სასამართლოზე ორი შარლ პერო წარმოადგინა" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარის მიერ პროცესზე წარმოდგენილი მოწმეების სანდოობა ეჭვის ქვეშ დგას.

"დღეს პროკურატურამ შეძლო ორი შარლ პერო წარმოედგინათ სასამართლოზე მოწმის სახით. კერძოდ, ამ მოწმეებმა დღეს, 2 წლისა და თითქმის 1 თვის შემდეგ ისეთი დეტალები მოახსენეს სასამართლოს, რომელიც მათ არ ახსოვდათ არც 1 დეკემბერს 2 წლის წინ, არც 5ჯერ და 6-ჯერ დაკითხვებზე და არც დროებით საპარლამენტო კომისიის დაკითხვებზე,"- განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

საქმის პროკურორი ბესიკ ქარცხავა კი აცხადებს, რომ სასამართლოზე უმნიშვნელოვანესი მოწმეები წარადგინეს, რომელთაც დავით სარალიძის მკვლელობისას განვითარებულ მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდათ. 

"მან დაადასტურა, უშუალოდ ბრალდებულ მიხეილ კალანდიას როლი დანაშაულის ჩადენის მიმდინარეობისას, მან ისაუბრა, თუ უშუალოდ სად იმყოფებოდა გარდაცვლილი დავით სარალიძე, სად იმყოფებოდა ბრალდებული მიხეილ კალანდია და სხვა პირები, რა სახის ზემოქმედებას ახორციელებდნენ პირები უშუალოდ დავით სარალიძის მიმართ, რაში გამოიხატებოდა ეს ქმედებები, შემდეგ სად გადაადგილდნენ დანაშაულიდან რამდენიმე წუთში და რა კომუნიკაცია შედგა პირებს შორის,"- განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

დღის ამბები