30 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
ერთ ღამეში განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები - კიბერშეტევა საბანკო ანგარიშებზე   

ერთ ღამეში განხორციელებული საეჭვო საბარათე ტრანზაქცია - მარიამ მოსეშვილის საბანკო ანგარიშზე კიბერშეტევა შუაღამეს მოხდა. სამი საეჭვო ტრანზაქცია ღამის 3 საათსა და 40 წუთზე განხორციელდა. მისი ბარათიდან "აჭარაბეთის" ანგარიშზე ჯამში 1090 ლარი გადაირიცხა. რამდენიმე წუთში, მარიამთან დაკავშირება TBC ბანკის ოპერატორმა სცადა თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ბანკმა გადარიცხვა საეჭვოდ მიიჩნია და უსაფრთხოების მიზნით ანგარიში დაბლოკა. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ დილით შეიტყო და პოლიციასა და TBC ბანკს დახმარების მიზნით მიმართა.

მომხდარზე, მარიამ მოსეშვილი პოლიციაში უკვე გამოიკითხა. მის მსგავსად Facebook გვერდზე საეჭვო ტრანზაქციის შესახებ პოსტები სოცილური ქსელის სხვა მომხმარებლებმაც გამოაქვეყნეს. ირკვევა, რომ მსგავსი შემთხვევა მოხდა აპრილშიც, როდესაც TBC ბანკის ანგარიშიდან 400 ლარი, ასევე რამდენიმე ტრანზაქციად შუაღამეს ჩამოაჭრეს მაკა მარშანიას. მაშინ დაწყებული გამოძიება კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს თანხა დაზღვეული არ აქვს, კიბერშეტევის ზარალის ანაზღაურება შეუძლებელია. დაზღვევის შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადგენს, რომ გადარიცხვა მომხმარებლის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, თანხას ბანკი აანაზღაურებს, თუმცა შეზღუდული ოდენობით.

გამოძიებასთან უკვე თანამშრომლობს "აჭარაბეთი". კომპანიაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს კომპანია შინაგანს საქმეთა სამინისტროს ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის.

ექსპერტები კიბერუსაფრთხოების საკითხებში მიიჩნევენ, რომ საქართველოში კიბერჰიგიენა დაცული არ არის, სწორედ ამიტომ უცხოელი ჰაკერებისთვის საქართველო საინტერესო ბაზარია. 

გუშინ განხორცილებული საეჭვო ტრანზაქციების შემდეგ, TBC ბანკის მომხმარებლებმა პოლიციას მიმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მოქალაქის მიმართვის შემდეგ, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის მუხლებით დაიწყო.   

დღის ამბები