30 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
"არა ლობიოს სამართალს" - აქციაზე დაკავებულების პროცესმა ლობიანის პერფორმანსის ფონზე ჩაიარა

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილს, რომელიც საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეების უმრავლესობას განიხილავს, დღეს საქალაქო სასამართლოში 17 დეკემბრისთვის დამახასიათებელი მთავარი კერძი - ლობიანი მიუტანეს.

"არა ლობიოს სამართალს" - ასეთი წარწერა ახლდა ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის საჩუქარს, თუმცა ის ლობიანით სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს.

​პერფორმანსის პარალელურად საქალაქო სასამართლოში ორი პროცესი მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი ლიდერები, მოძრაობა "ლელოს" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც პროკურატურა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის წინააღმდეგობას ედავება, პოლიციელების სამხრე კამერების არარსებობაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მუხლი აბსურდულია, თუმცა მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.

12 დეკემბერს პარლამენტის შესასვლელთან დაკავებული ოპოზიციური ლიდერების - 6 კაცის პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს დაკავებული 4 აქტივისტის საქმეც განიხილა. ალიკა კუპრავას 2 000 ლარი, ალექსანდრე დავლაძესა და დავით კაკაურიძეს 1 500 -1 500 ლარი დააკისრა, ლევან გახელაძე კი სასამართლომ სამართალდამრღვევად არ სცნო. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო გიორგი ვაშაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელის და ნოდარ ბრეგაძის საქმეებთან დაკავშირებით.

დღესვე მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაიმართა მოძრაობა "გაბედეს" წევრების პროცესიც. პოლიციამ ისინი 2 დეკემბერს მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან დააკავა. მუხლი იდენტური - ხულიგნობა და წინააღმდეგობის გაწევა. მომხდარში ბრალდებულები თავს დაზარალებულებად მიიჩნევენ, თუმცა მოსამართლემ 4 მათგანი დამნაშავედ ცნო. დაკავებულებს შორისაა შალვა ნათელაშვილის შვილიც.

პარლამენტის წინ სულ პოლიციამ 12 დეკემბერს 16 პირი დააკავა, აქედან 6 ბრალდებული ისევ სასამართლოს მოლოდინშია, მათ საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 24 დეკემბერს განიხილავს.

დღის ამბები