30 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
დაპირისპირების ეპიცენტრად ქცეული თბილისის თვითმმართველობა - საკრებულოს დეპუტატი, რომელიც პროტესტის მიზეზი ხდება 

ხმაური საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში კარვის გაშლა სცადეს. ლევან ხაბეიშვილი სამართალდამცავებმა შენობიდან გაიყვანეს.

პოლიტიკოსებთან ერთად დღეს საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით პოლიციამ აქტივისტებიც გაიყვანა. მოძრაობა "გაბედე" და "სირცხვილიას" წევრებიდან ოთხი პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, დანარჩენებს შენობა დაატოვებინეს.

შენობიდან იძულებით გაყვანილმა ლევან ხაბეიშვილმა შესასვლელს ბოქლომი დაადო. საკრებულოს შენობაში დარჩენილებს კი შელაპარაკება მმართველი გუნდის წევრებთან მოუვიდათ. ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების წევრებისაგან ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი თანაგუნდელის განცხადებას ერთხმად გაემიჯნა, პროტესტის ფორმა ქართული ოცნების წევრებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

დღის მეორე ნახევარში ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა კონსტრუქციული მოლაპარაკება სცადეს და თავმჯდომარის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლა, თუმცა შეხვედრა ისევ ხმაურით და შედეგის გარეშე დასრულდა.

საკრებულოს წევრის მიერ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ექიმისა და მის ოჯახზე გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აქტივისტები საკრებულოს გარეთაც აპროტესტებდნენ. ისინი ადგილზე მყოფ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც ისინი სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ.

ერეკლე კუხიანიძე დღეს განვითარებულ მოვლენებს არ გამოხმაურებია. მცირე კომენტარი ჟურნალისტებთან მან გუშინ გააკეთა, სადაც თქვა, რომ საკუთარ პოსტში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა თანაგუნდელების მოთხოვნის შემთხვევაში მზადაა პროცესებს ჩამოშორდეს. 

დღის ამბები