30 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
დიასპორის ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში - ევროპელი პარლამენტარების რეკომენდაციები საქართველოს  

თბილისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე, ევროპის საბჭო დაინტერესდა, როგორია დიასპორის პოლიტიკა ქვეყანაში, რომლის ათასობით მოქალაქეც საზღვარგარეთ ცხოვრობს. ორგანიზაციაში, რომლის მინისტრთა კომიტეტსაც სულ რამდენიმე კვირაა საქართველო თავმჯდომარეობს, ამბობენ, რომ სახელმწიფოს იმაზე ზრუნვა მართებს, რომ საზღვრებს მიღმა მყოფ მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ.

ევროპელი პარლამენტარების რეკომენდაციები იმ დოკუმენტშიც მოხვდა, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის დასასრულს შეიმუშავეს. საბჭოს 47 წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ქვეყნის მშენებლობის საკითხში დიასპორა იმ დოზით უნდა ჩაერთოს, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში წონადი როლი ჰქონდეს. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დიასპორის ჩართულობაზე ინიციატივა აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც, რომელიც თავის მხრივ, საფრანგეთში ქართულ დიასპორას წლების განმავლობაში წარმოადგენდა.

დიასპორისთვის საგადასახადო შეღავათების შემუშავების ინიციატივაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყოს.

ხელისუფლებაში არ მალავენ, რომ სხვადასხვა ეტაპზე ქვეყნიდან წასვლის სურვილი სოციალურმა, პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამ განაპირობა, დარგის ექსპერტების თქმით კი ამ ტენდენციის შესაცვლელად სწორი კითხვების დასმაა საჭირო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში დიასპორის როლზე ისაუბრეს. უცხოელმა სტუმრებმა საქართველოს სახელმძღვანელოდ კონკრეტული რეკომენდაციები დაუტოვეს, რამაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ჩართულობა უფრო ინტენსიური და ეფექტიანი უნდა გახადოს. 

დღის ამბები