30 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ოპოზიციის შეხვედრა და მომავალი კვირის გეგმები - ლიდერები აქციების გაგრძელებას გეგმავენ

შალვა ნათელაშვილი ისევ გაერთიანებული ოპოზიციიის მასპინძელია. შეხვედრის თემაც უცვლელია - სამოქმედო სტრატეგია და ხელისუფლებასთან ბრძოლის მეთოდები. უკვე სამი შეხვედრა მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა. 

პოლიტიკური პარტიების ის ლიდერები, რომლებიც გუშინდელ უმრავლესობასთან და დიპლომატებთან შეხვედრას ესწრებოდნენ, დიალოგის შედეგებს ამ წუთებში კოლეგებს აცნობენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე, მიმდინარე კვირის სამოქმედო გეგმას განიხილავენ. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ აქციები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში იქნება.

როგორც ოპოზიცია ამბობს, თბილისში პარლამენტის პიკეტირება მოეწყობა, რადგანაც მათი ინფორმაციით, ხუთშაბათს რიგგარეშე სხდომა დაინიშნა.

"ჩვენ ამ კვირის გეგმა გაწერილი გვქონდა. მცირედი კორექტირებები შეიძლება სესიების დამატებამ გამოიწვიოს, რადგამ ზუგდიდში ვაპირებდით ხუთშაბათს წასვლას და სესია დანიშნეს. უნდათ, დაამთხვიონ ჩვენს აქციებს რეგიონებში, რომ პიკეტირება არ იყოს, არ არის პრობლემა - ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ამის პარალელურად დღეს ოპოზიციამ დიალოგზე ისაუბრა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს უკვე დიალოგს დიალოგისთვის დაემსგავსა, რადგან კონკრეტული შედეგის იმედი არ აქვთ.

მიუხედავად ამისა ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას არ ტოვებენ და ფორმატში რჩებიან, რადგანაც ეს არის საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია.

"კარგია, რომ ერთმანეთს ჭიქებს არავინ ესვრის და თავში აგურს არ ურტყავს, შესანიშნავია და საპრეზიდენტო არჩევნებიდან გახსოვთ, რომ მუდმივად ამას ვიმეორებ - ჩვენ თუ გვექნება ერში განხეთქილება, ეს აძლევს ხელს ერთადერთ ძალას დედამიწის ზურგზე და ესაა რუსეთის ფედერაცია," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარასკევს დაგეგმილ კიდევ ერთ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლები არ აპირებენ რაიმე ახალი ინიციატივით მისვლას. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ დიალოგის მე-4 რაუნდზე ოპოზიცია კვლავ ხელისუფლების პასუხს ელოდება თუ რას მოიფიქრებენ ისინი ოპოზიციის შეთავაზებაზე.

"ჩვენ არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით მუდმივად დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით და დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება. ჩვენ პროპორციული სისტემიდან წამოვედით დათმობაზე, "გერმანულ მოდელზე", შემდეგ გავყავით "გერმანული მოდელი", შემდეგ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მრავალმანდატიანის, ახლა ნამდვილად მათ მხარესაა ბურთი," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიცია ხალხის ინტერესებით ვაჭრობას არ აპირებს. გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს პროპორციული სამართლიანი არჩევნების შიში აქვს.

"ჩვენ - პოლიტიკური ოპოზიცია ხალხის ინტერესებით ვაჭრობას არ ვაპირებთ. სავაჭროდ მოდიან ისინი, მხოლოდ - წინადადებების გარეშე და ასევე, ძალიან კონკრეტულად ავხსენი რისი შიში აქვს ივანიშვილს.

ივანიშვილს ამ ერთობის იმიტომ კი არ ეშინია, რომ მე და ქალბატონი ნინო, ან ვინმე სხვა ოპოზიციონერი ერთად ვდგავართ, არა. ეშინია იმიტომ, რომ კონსტიტუციაში წერია, რომ ნებისმიერი ამ მოპარული არჩევნების მერე არის პროპორციული სამართლიანი არჩევნები. ეს ჯოკერი უჭირავს ხალხს ხელში და ეს ჯოკერი მოხვდება ივანიშვილის ნებისმიერ აფიორას ზემოდან," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები