30 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტის 45 სოფლის მოსახლეობა წლებია სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება პრობლემაა. წყრუთში და მიქელწმინდაში არც ამბულატორიაა და არც პირველადი სამედიცინო პუნქტი.

სამი სოფლის მოხუცებისთვის პირველადი დახმარების გაწევა ძირითადად სოფელ წირას მაცხოვრებელს, კატია ასლანიანს უწევს.

წირაში, წყრუთსა და მიქელწმინდაში ამბულატორიის აშენებას ითხოვენ. თუმცა ვერც სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში და ვერც ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებში, წყრუთის თემის რომელიმე სოფელში თუნდაც სამედიცინო პუნქტის აშენება, ამ დრომდე ვერ მოხვდა.

მსგავსი პრობლემებია ახალციხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემში, სადაც მოსახლეობა ოჯახის ექიმის მომსახურებას გრაფიკით იღებს.

პირველადი სამედიცინო პუნქტების სიმცირე პრობლემებს მოსახლეობის გარდა აქ მომუშავე ექიმებსაც უქმნის, რომლებიც ამბულატორიების სიმცირის გამო, ოთხი, ზოგჯერ კი ექვსი სოფლის მოსახლეობას ემსახურება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 45 სოფელში, ამ დროისთვის სულ 15 მოქმედი ამბულატორიაა. პრობლემას იცნობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებაში ჯანდაცვის პირველადი მომსახურების ცენტრების სიმცირის ერთ-ერთ მიზეზად, რეგიონში ექიმების სიმცირეს ასახელებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ახალციხეში 7 ახალი ამბულატორიის მშენებლობა და 3-ის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი დეკემბრის ბოლომდე, ნაწილი კი - მომდევნო წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს. 

 

დღის ამბები