30 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
შეუჩერებენ თუ არა მანდატს და მოუწევს თუ არა "ქართული ოცნების" დატოვება ერეკლე კუხიანიძეს

მწვავე შეფასებები საკრებულოს დეპუტატის ფეისბუქ პოსტს მალევე მოყვა სოცქსელში. ერეკლე კუხიანიძე ოკუპანტების ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორს უწოდებს.

ექიმის გათავისუფლების მოთხოვნა, დღეს "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის განცხადებამ გადაფარა.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ბრალდებებს ექიმის ოჯახის წევრები სარჩელით უპასუხებენ. მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებს, ისინი ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასამართლოში დავას დაიწყებენ.

ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და უწყებათაშორისი კომისიის შექმნას ითხოვს.

ერეკლე კუხიანიძისთვის მანდატის შეჩერებასა და პარტიიდან გარიცხვას მოითხოვს ოპოზიცია. მთლიანი სპექტრი თანხმდება, რომ საჯარო პირის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადებები ისედაც რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკრებულოს დეპუტატის დამოკიდებულება, შესაძლოა მმართველი ძალის პოზიციასაც გამოხატავდეს.

შეუჩერებენ თუ არა მანდატს და მოუწევს თუ არა "ქართული ოცნების" დატოვება ერეკლე კუხიანიძეს - ამაზე მმართველ პარტიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის საკრებულოს დეპუტატის განცხადება მიუღებელია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებენ.

საოკუპაციო რეჟიმი არარსებული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმისგან ბრალის აღიარებას ითხოვს.

ვაჟა გაფრინდაშვილი 36 დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. 



 

დღის ამბები