30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
"ზებრაზე" გადასვლისას პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული გიორგი ვაშაძის სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 16-დან 6 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი გიორგი ვაშაძის, ირაკლი კუპრაძის, გიორგი ბუნტურის, ზურაბ კოსტავას, ირაკლი ჯუღელისა და ნოდარ ბრეგაძის საქმეებს განიხილავდა.

პროცესის გადადების მიზეზი გახდა მოსამართლის მიერ მოთხოვნილი დრო დაცვის მხარის შუამდგომლობის განსახილველად.

დაცვის მხარემ  სხდომის გადადება იმ დრომდე მოითხოვა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ადმინისტრაციული კოდექსის სადავო 166-ე მუხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოიტანს. ეს არის ხულიგნობის მუხლი, რომელიც კანონში 1984 წლიდან არსებობს და რომლის კონსტიტუციურობაც სასამართლოშია გასაჩივრებული.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა შუამდგომლობის განხილვისთვის დრო 17 დეკემბრამდე მოითხოვა.

12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ედავებიან წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე).

გიორგი ვაშაძე, რომელიც პარლამენტის მიმდებარედ ზებრა გადასასვლელზე სიარულის მომენტში დააკავეს, ამჯერად სასამართლოშიც ზებრის გავლით მივიდა, თუმცა ეს უკვე პერფორმანსის ნაწილი იყო. ვაშაძის პარტიის წევრებმა სიმბოლური აქციით მათი ლიდერის და სხვა აქტივისტების დაპატიმრება გააპროტესტეს. დაკავების კანონიერებაზე დღეს კითხვებს "ლელოს" ლიდერებიც სვამდნენ. წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულებს შორის ხაზარაძის 2 მხარდამჭერიც მოხვდა.

16 დაკავებულიდან სასამართლოში დღეს მხოლოდ 10 პირის ბრალეულობაზე მსჯელობდნენ. ბრალდებულები ორ დარბაზში გადაანაწილეს. ერთ შემთხვევაში მალევე გახდა ცნობილი, რომ 6 პირის საქმის განხილვა 17 დეკემბრამდე გადაიდო, რომელთა შორის გიორგი ვაშაძეც იყო. გადადების მიზეზი ადვოკატის შუამდგომლობა გახდა. დაცვის მხარე ფიქრობს, რომ უკანონო არამხოლოდ დაკავებაა, არამედ ის მუხლებიც არაკონსტიტუციურია, რომლითაც აქტივისტებს ედავებიან. მოსამართლემ 4 დღიანი ვადა სწორედ ამ საკითხში გასარკვევად მოითხოვა და შუამდგომლობას დათანხმდა.

17 დეკემბრამდე გადაიდო კიდევ ოთხი დაკავებულის პროცესი, თუმცა ამ შემთხვევაში გადადების შუამდგომლობა ადვოკატებს არ ჰქონიათ. ათამდე მოწმის გამოკითხვის და მასალების გაცნობის შემდეგ მოსამართლემ მიიჩნია, რომ მხარეებისთვის მტკიცებულებების წარსადგენად დამატებითი დრო უნდა მიეცა.

ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა - აქტივისტები, რომლებიც უზენაესი მოსამართლეების დანიშვნას ეწინააღმდეგებოდნენ, პირველი ინსტანციის მოსამართლეების გადაწყვეტილებას 17 და 24 დეკემბერს დაელოდებიან.

დღის ამბები