30 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ვინ ჩაანაცვლებს შალვა თადუმაძეს და მის მოადგილეს - გენერალურ პროკურატურაში ორი ვაკანტური ადგილია

მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა. "კურიერის" ინფორმაციით, ახალი პროკურორი, შესაძლოა, ამავე უწყების გენერალური ინსპექციის ამჟამინდელი უფროსი, ბაკურ აბულაძე გახდეს. აბულაძე ამ თანამდებობაზე წლების წინ ირაკლი შოთაძემ დანიშნა.

გენერალურ პროკურორს აქამდე იუსტიციის მინისტრი ნიშნავდა. კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, კანდიდატი საპროკურორო საბჭომ უნდა შეარჩიოს. მინიმუმ სამი პრეტენდენტის შესარჩევად მათ ერთთვიანი ვადა ეძლევათ. 14 კაციან შემადგენლობას კანდიდატების შერჩევის პროცესის დაწყების დაუყოვნებლივი ვალდებულება აქვს.

ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებით, თუ ვინ დაინიშნება კონკრეტულად გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მას "ქართული ოცნების" ლიდერის დავალებების შესრულება მოუწევს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, გენერალური პროკურორის არჩევის პროცესთან კითხვები არ აქვთ მმართველ გუნდში.

კანდიდატს, საპროკურორო საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად 30 დღის განმავლობაში წარუდგენს. იმისთვის, რომ გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიონ, მმართველ პარტიას 76 ხმა დასჭირდება.

მესამე სექტორი დარწმუნებულია, რომ ახალი გენერალური პროკურორი დამოუკიდებელი არ იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ გენერალური პროკურორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი "ქართული ოცნებისადმი" მათი დამოკიდებულება იქნება.

მთავარ საგამოძიებო უწყებას შალვა თადუმაძესთან ერთად მამუკა ვასაძეც დატოვებს. ცნობილია, რომ ახლა უკვე უვადო მოსამართლე თავის მოადგილეს უზენაეს სასამართლოში წაიყვანს. შესაბამისად, ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი ვაკანტური ადგილია. ვინ გახდება გენერალური პროკურორის მოადგილე - ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც საბჭო გენერალურ პროკურორს აირჩევს.

დღის ამბები