30 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
სექსუალური შანტაჟის მსხვერპლი მოზარდები - ქალის სახელს ამოფარებული მამაკაცი მსხვერპლს facebook-ზე ეძებს 

უცნობი შანტაჟისტი ცრუ პროფილით სოციალური ქსელით მოზარდ გოგონებს კამერის წინ გახდას აიძულებს. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს მისი ფოტო. "კურიერს" აუდიოჩანაწერიც აქვს, სადაც კარგად ისმის, როგორ ახდენს ზეწოლას მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე და მას ინტერნეტგვერდებზე შიშველი ფოტოების ატვირთვით ემუქრება.

13 წლის მოზარდის  დედა, რომლის შვილიც, შესაძლოა, ყალბი პროფილის უკან ამოფარებული პირის მხრიდან, სექსუალური შანტაჟის მსხვერპლი ყოფილიყო, სხვა მშობლებს აფრთხილებს და მაქსიმალური ყურადღებისკენ მოუწოდებს.

არასრულწლოვნის დედა "კურიერთან" ყვება, რომ კონკრეტული სახელით და გვარით დარეგისტრირებული ინტერნეტმომხმარებელი, თავდაპირველად მის 13 წლის გოგონას ფეისბუქშეტყობინებებით პირად პრობლემებზე უყვებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კონკრეტული დავალებებიც მისცა. უცნობმა მცირეწლოვანს მაისურის გახდა კატეგორიულად მოსთხოვა.

პირი, რომელზეც არასრულწლოვნის დედა საუბრობს, სავარაუდოდ იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ "კურიერთან" სამოქალაქო აქტივისტი საუბრობს.

ნანა ბერძენიშვილი, რომელსაც ძირითადად ბულინგის და ინტერნეტძალადობის შესახებ მოზარდები და მშობლები უკავშირდებიან, "კურიერთან" ყვება, რომ კონკრეტული სახელით და გვარით დარეგისტრირებული პიროვნების სავარაუდო ფოტო მას მსგავსი შანტაჟის მსხვერპლმა ბავშვებმა მიაწოდეს. ბავშვების მტკიცებით, 22-24 წლის მამაკაცი, ძირითადად, 12-დან 16 წლამდე გოგონებს არჩევს, ინტენსიური კონტაქტის შემდეგ კი მათ ვიდეოთვალის ჩართვას და გახდას სთხოვს.

ის, რომ კონკრეტული სახელით და გვარით დარეგისტრირებული პირი მამაკაცია, ამას ის აუდიოჩანაწერიც ადასტურებს, რომელიც არასრულწლოვანმა ჩუმად ჩაწერა და "კურიერს" გადასცა. რამდენიმეწუთიან მასალაში უცნობი პირი, თავდაპირველად გოგოს ხმით საუბრობს და მის ე.წ. მსხვერპლს ვიდეოთვალის ჩართვას და თამაშს სთხოვს.

ქალის სახელით და გვარით დარეგისტრირებული მამაკაცის მხრიდან შანტაჟსა და სექსუალურ ზეწოლაზე საუბრობენ მოზარდები ერთ-ერთ დახურულ ჯგუფშიც. 12-14 წლამდე გოგონები ერთმანეთს აფრთხილებენ და პოსტებში წერენ, რომ მამაკაცი გოგოს ხმით, ვიდეოთვალით მათგან ძირითადად ვიზუალის ჩვენებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც სავარაუდო მოძალადე დარწმუნდება, რომ სამიზნე არასრულწოვანია, მათ სამოსის გახდას სთხოვს. არასრულწლოვნების კომენტარებიდან ირკვევა, რომ ხშირად მამაკაცი მათ შიშველი ფოტოების საიტზე განთავსებით ემუქრება.

ფეისბუქგვერდი, რომლითაც, სავარაუდოდ, 22-24 წლის მამაკაცი არასრულწლოვნებს აშანტაჟებდა, ამ დროისთვის გაუქმებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, იგივე პიროვნება სხვა მომხმარებლის სახელით და გვარით იყოს დარეგისტრირებული.

შესაძლოა, სამართალდამცველებმა უახლოეს დღეებში ამ საქმეზე კონკრეტული პირიც გამოკითხონ. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

დღის ამბები